„ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება“

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე განცხადება თბილისის მერმაც გააკეთა.

„ამაზე მე გუშინ გავაკეთე კომენტარი და მერიამაც გაავრცელა, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს ოპოზიცონერი დეპუტატების მოთხოვნას, თბილისის მერის გადადგომისა და თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, ჩივიაშვილმა ამის შეფასება არ ისურვა.

„ამას, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, მე ვერ შევაფასებ. მას აქვს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები და ამასთან, ყველას აქვს უფლება, აზრი გამოთქვას“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

მან არც მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე ისურვა კომენტარის გაკეთება. როგორც ჩივიაშვილმა აღნიშნა, ამაზე შეფასება დედაქალაქის მერმა უკვე გააკეთა და იგივეს აღარ გაიმეორებს.

banner
წინა სტატიაში8 ოქტომბერს ბათუმს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ეწვევა
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს