„ჩემთვის ის მოდელია მისაღები, სადაც კომერციული საბანკო სექტორი თავს კომფორტულად იგრძნობს“

სასტუმრო „რედისონში“ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის საკითხზე საბანკო სექტორის წარმომადგენლები, კანონპროექტის ინიციატორები და ბიზნესომბუდსმენი მსჯელობენ.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, ის მზადაა დაიცვას პრინციპი, რომ ეროვნული ბანკიდან ბიზნეს სექტორის გამოყოფა არ მოხდეს.

„პირველი მოსმენის შემდეგ ჩვენც ვაპირებდით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას, თუმცა ბიზნესობმუდსმენის თხოვნით, ეს შეხვედრა დავაჩქარეთ. მზად ვარ დავიცვა პრინციპი, რომ ეროვნული ბანკიდან ბიზნეს სექტორის გამოყოფა არ მოხდეს“, – განაცხადა მეჭიაურმა.

ბისნესომბუდსმენის გიორგი გახარიას თქმით, შეხვედრის მიზანი კომპრომისის მიღწევაა.

„შეხვედრა ჩვენი თხოვნით ტარდება და მინდა მადლობა გადავუხადო ორივე მხარეს. მიზანი არის სწორედ ის, რომ კომპრომისს მივაღწიოთ. წინა შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო ფორმატზე და შევეცადეთ, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის ფორმაში, გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, რომ კონკრეტულად სექტორის ჩართულობა პროცესში მაქსიმალური იყოს. ეს არის ერთადერთი საშუალება კონსესუსისთვის. ჩემი პოზიცია მარტივია. აუცილებელია ქართული ეკონომიკის სექტორი იყოს ამ პროცესში ჩართული. იმდენად სპეციფიური და ტექნიკურად რთული თემაა, რომ დღეს დავსხდებით, დავილაპარაკებთ და იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შემდგომ პრინციპულად აღარ დაისმება საკითხი, უნდა გაკეთდეს ეს თუ არა. ჩემთვის ის მოდელია მისაღები, სადაც კომერციული საბანკო სექტორი თავს კომფორტულად იგრძნობს“, – განაცხადა გახარიამ.

ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის საკითხზე გამართულ შეხვედრას, რომელიც ბიზნესომბუდსმენის ინიციატივით იმართება, საბანკო სექტორის გარდა, დეპუტატები და მთავრობის წევრები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – სამართლიანობის სრულფასოვანი აღდგენა ალბათ ვერ მოხდება, მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილს მარიხუანას ლეგალიზების საკითხზე გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს