შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის მკვლელობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

პოლიციელების მიმართ ცეცხლის გახსნას და ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელიც უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მასში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ვარკეთილში მოხდა. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი, ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს კი მკურნალობა უტარდება.

მომხდარზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში“პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა”
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს