შეწყალების კომისიის მიერ ლევან ბობოხიძის საქმის განხილვისას ზუსტად იყო დაცული ყველა შესაბამისი კრიტერიუმი

დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა

შეწყალების კომისიის მიერ მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის საქმის განხილვისას ზუსტად იყო დაცული ყველა შესაბამისი კრიტერიუმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციის კომენტირებისას განუცხადა, რომელმაც დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გამო დღეს პრეზიდენტი მარგველაშვილი გააკრიტიკა.
ზვიად ქორიძის განმარტებით, ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით კომისიამ გადაწვეტილება ერთსულოვნად მიიღო და სწორედ ამის შემდეგ გაეგზავნა დადებითი რეკომენდაცია პრეზიდენტს.
“კომისიის წევრები ამა თუ იმ საქმეს განიხილავენ შინაგანი რწმენით და იმ პოზიციებით, რაც აუცილებელია გულმოწყალების, შეწყალების, ჰუმანურობისთვის და ამის საფუძველზე სთავაზობს საკუთარ რეკომენდაციას პრეზიდენტს, რომელიც თავის მხრივ იღებს გადაწყვეტილებას. ამჯერადაც მოხდა ისე, როგორც ყოველთვის ხდება პრეზიდენტ გიორგი მარგვლაშვილის დროს – შეწყალების კომისიამ სხდომაზე შემოსული განცხადებები განიხილა ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ამის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და რეკომენდაცია შესთავაზა პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ გამოიწვია ერთმა კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში ასეთი აჟიოტაჟი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა კრიტერიუმი იყო დაცული ზუსტად და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კომისიაზე ერთხმად, ამის მერე კი დადებითი რეკომენდაცია შევთავაზეთ პრეზიდენტს”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, დადებითი რეკომენდაცია გაიცა არა მხოლოდ ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, არამედ საქმეზე დაკავებული სხვა პირების მიმართაც.
“ლევან ბობოხიძე ერთ-ერთი პერსონაა ამ საქმეში. როგორც ცნობილია, სულ 4 მოქალაქის მიმართ იყო გამოტანილი განაჩენი და დადებითი რეკომენდაცია გაიცა ყველა მათგანთან მიმათებაში. რაც შეეხება იმას, ვინ იყო განაცხადის ავტორი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის შემდგომ აუცილებლად იგზავნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და თუ თავად მსჯავრდებულმა არ მოაწერა მას ხელი და არ დაადასტურა, რომ იგი მზად არის მოითხოვოს შეწყალება, შეწყალების პროცესი არ დაიწყება. შესაბამისად, შეწყალებაზე ოთხივე ამ მსჯავრდებულს აქვს გაკეთებული განაცხადი, რის შემდეგაც სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულებებიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო საქმეები”, – აღნიშნა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.
ზვიად ქორიძე მედიას ურჩევს, გაეცნოს ბობოხიძის საქმეს და თავად შეაფასოს, რამდენად სამართლიანად მოიქცა ერთი მხრივ, შეწყალების კომისია მის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას, მეორე მხრივ კი პრეზიდენტი, რომელმაც ჰუმანურობა გამოიჩინა.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა”
შემდეგი სტატიაპარლამენტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა