ყაზბეგსა და სადახლოზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს

ყაზბეგსა და სადახლოზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს. როგორც “თაიმერს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 17 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტის, “ყაზბეგის” ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის მოქალაქე კ.ს. შემოვიდა, რომელსაც რისკის პროფილის მიხედვით ხელბარგის დათვალიერების შედეგად ხელჩანთაში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ლირიკა (LIRIKA 6 კაფსულა) აღმოაჩნდა.
ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტში 18 მაისსაც აღმოაჩინეს. ნარკოტიკული ნივთიერება კოდეინის შემცველი პრეპარატი “პირალგინი” 50 აბი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ტ.გ-ს შემოჰქონდა.
“კიდევ ერთი შემთხვევა 19 მაისს სგპ “სადახლო სარკინიგზოს” ტერიტორიაზე დაფიქსირდა. კერძოდ, სომხეთის მოქალაქეს, ნ.ზ-ს ეჭვის საფუძველზე ბარგის დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ხელჩანთაში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი, 10 აბი ლირიკა აღმოუჩინეს”, _ განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.
მათივე თქმით, საქმეთა მასალები შესაბამისად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოსა და ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცათ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში დამზადებულ “ოსტრსა” და ქაბაბში ცხენის ხორცის გამოყენების ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიაავსტრიის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა