შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში, გივი ყულჯანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გივი ყულჯანიშვილი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქალაქეს მფარველობას დაჰპირდა.
უწყების განმარტებით, შესაბამისი ნებართვისა და პროექტის გარეშე, ორი სარეკლამო ბანერის განთავსების სანაცვლოდ, მან მოქალაქეს ქრთამის სახით 400 აშშ დოლარი და 1200 ლარი გამოართვა. სამართალდამცველებმა გივი ყულჯანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დაბა აბასთუმანში დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.