ქიბარ ხალვაში: მივმართავ გვარამიას კატეგორიულად – არ გაბედო რუსთავი 2–ის გათიშვა!

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს.

“თაიმერი” ქიბარ ხალვაშის მიმართვას, უცვლელად გთავაზობთ:

“მივმართავ პირადად გვარამიას, რომელმაც ახლახანს მორიგი ტელე–პერფორმანსი შესთავაზა საზოგადოებას.

უკვე ნათლად ჩანს, რომ თქვენ და თქვენი პოლიტიკურად ანგაჟირებული თანამოაზრეები ყველა ღონეს ხმარობთ, რომ რამენაირად გახვიდეთ სამართლებრივი სივრციდან და ჩემი სამართლებრივი დავა, რომელიც მიმართულია უმოწყალოდ შელახული საკუთრების უფლებისა და სამართლიანობის აღდგენისკენ, აქციოთ პოლიტიკურ შოუდ და ამით საკუთარი პატრონს, მიშა სააკაშვილს, მისცეთ პოლიტიკური ქულების ჩაწერის შესაძლებლობა.

კოლექტიური გვარამიას ფანტაზიას მე ვერ გავყვები. მე კონკრეტულ საშიშროებას ვხედავ, რომ გვარამია, დავის სამართლებრივი სივრციდან გატანის მიზნით, იმაზეც კი არის წამსვლელი, რომ რუსთავი 2 ეთერიდან გათიშოს და ამით კიდევ ერთხელ მოახდინოს სიტუაციის დრამატიზება და შეეცადოს საკითხის პოლიტიზებას.

მივმართავ გვარამიას კატეგორიულად – არ გაბედო რუსთავი 2–ის გათიშვა!

ილაპარაკე რაც გინდა და რამდენიც გინდა, თუნდაც მთელი საეთერო დრო შენივე პოლიტიკური მონოლოგებისთის დაგითმია.

პირიქით, მოგიწოდებ, რაც შეიძლება მეტი და დიდხანს ილაპარაკო, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად დაინახოს რა გამოძრავებს და რა პოლიტიკური სულისკვეთების ძალის აზრებს და სურვილებს ახმოვანებ. ილაპარაკე, მაგრამ საკუთარი და შენივე პატრონი სააკაშვილის ბნელი მიზნების გამო, არ გაბედო რუსთავი 2–ის გათიშვა”,- აღნიშნულია ქიბარ ხალვაშის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიაში საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა. გვარამიას განცხადებით, მას სამთავრობო წრეებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხვალ, სასამართლო „რუსთავი 2“-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს.

ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ურთმელიძე ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. მისივე თქმით, დაემუქრნენ, რომ თუ პროცესებს არ ჩამოშორდება, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გასაჯაროვდება.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე: პროკურატურა ვალდებულია გვარამიას განცხადებაზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე: პრეზიდენტს კითხვები აქვს, რამდენად არის “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლე სამართლიანობის იდეის ერთგული