„ქიბარ ხალვაში არ ებრძვის სიტყვის თავისუფლებას, ის იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის“

სასამართლო დავა დაიწყო. სასამართლოში ბიზნესმენის ინტერესებს, ქართველ ადვოკატებთან ერთად, გერმანელი ადვოკატი პეტერ ლაუ იცავს.

მისი განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. მისივე თქმით, მოპასუხე მხარეს ძალიან სუსტი სამართლებრივი პოზიციები აქვს და ამიტომაც ცდილობენ დავა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ.

for.ge პეტერ ლაუს ესაუბრა.

მოპასუხე მხარე ამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაშს ამ დავაში მხარს უჭერს ხელისუფლება, ხოლო მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს განიხილავს წარმოადგენს მხარეს. რა მიზანი აქვს ამ შემთხვევაში მოპასუხეს?

პეტერ ლაუ: მოპასუხის მიზანია საზოგადოების ინტერესები გადაიტანოს სხვა არამნიშვნელოვან საკითხებზე. იმ აზრის დაფიქსირება, რაც ბატონმა გვარამიამ სასამართლოზე განაცხადა, რომ ის გამიზნულად დაესხა თავს მოსამართლეს, რათა გამოეწვია მისი არაობიექტურობა, ეს უბრალოდ, სასაცილოა და თვითონ აღიარებს ამას.

მეორე და რაც მთავრია, ჩვენდა საბედნიეროდ, მოპასუხე მხარეს არანაირი არგუმენტაცია არ აქვს და ამიტომაც, ცდილობს, ეს პროცესი წარმოაჩინოს როგორც შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე. მაგრამ ავიწყდებათ, საერთოდ რამ გამოიწვია ეს სასამართლო პროცესი და ის, რომ თავის დროზე, ბატონ ხალვაშს რა ფორმით და რა კუთხით წაართვეს ამ ტელკომპანიის წილები. ამის გამო ბატონი ხალვაში ჩამოვიდა გერმანიაში და ლტოლვილად ჩაბარდა. 2009 წელს კი, გერმანიის მთავრობის მიერ აღიარებული იქნა პოლიტიკურ დევნილად. ზუსტად, ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც მიმდინარეობს დღეს სასამართლო პროცესი და ამასთან არანაირ კავშირში არ არის სიტყვის თავისუფლება.

როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება მოპასუხე მხარის მიერ აქცენტის გადატანა იმაზე, რომ სწორედ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული ეს პროცესი და რომ ხალვაში სასამართლოს გზით ებრძვის თავისუფალ სიტყვას?

ქიბარ ხალვაში არ ებრძვის სიტყვის თავისუფლებას, ის იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის. მას უნდა, რომ დაიბრუნოს თავისი მედია საკუთრება. მეტიც, ის იძლევა პირობას, რომ „რუსთავი 2“ იქნება ნამდვილად თავისუფალი, ვიდრე დღეს არის.

„რუსთვი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლე ქრთამის აღებაში დაადანაშაულა, თუმცა, მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გერმანიაში რომ მოსამართლე ტელევიზიის გენერალურ დირექტორს კორუფციაში და ქრთამის აღებაში დაედანაშაულებინა, როგორი იქნებოდა სასამართლოს რეაქცია?

– გერმანიაში იმხელა ნდობას იმსახურებს სასამართლო, რომ წარმოუდგენელია ვინმემ ასეთი მკაცრი განცხადება გააკეთოს, მით უმეტეს ტელევიზიის საშუალებით ხდებოდეს მსგავსი აგიტაცია. იმ შემთხვევაშიც კი, საზოგადოების მცირე ნაწილი ფიქრობდეს ასე, მსგავსი რამ გერმანიაში წარმოუდგენელია. ძალიან სამწუხაროა, რომ „რუსთვი 2“ დღეს ამ თემით აპელირებს და ცდილობს სამართლებრივი საფუძვლებიდან ყურადღება პოლიტიკურ საკითხებზე გადაიტანოს.

თქვენ ფიქრობთ, რომ მოპასუხე მხარე სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობს?

– ძალიან სუსტია მათი სამართლებრივი პოზიციები, ამიტომაც ცდილობენ, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ ეს დავა. იძულებული არიან ამ მეთოდებით ზეგავლენა მოახდინონ სასამართლოზე და საზოგადოებაზე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი. აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორი წესრიგია სასამართლოზე.

თუ დააკვირდით, ძალიან მშვიდ და წყნარ ვითარებაში წარიმართა სასამართლო პროცესი. ერთადერთი, ვინც სკანდალებს აწყობს ამ სასამართლო დავაში, ეს არის „რუსთავი 2“. ის, რომ ბოლო სასამართლო სხდომა შედარებით უფრო ნორმალური იყო, ვიდრე წინა, ვფიქრობ, იმის დამსახურებაა, რომ ბატონი გვარამია არ იყო სასამართლოზე.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამომავალი კვირის ამინდის პროგნოზი