ქვეყანას არ შეიძლება ჰყავდეს სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი ხელისუფლება–ირინა სარიშვილი

news_24960_12718ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და ამ სფეროში ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, როგორც თავდაცვის მინისტრის პიროვნული თვისებების, ასევე განცხადების შინააარსის თვალსაზრისით. ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ამ საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს

რაღა თქმა უნდა, ირაკლი ალასანიას, როგორც პოლიტიკოსის მიმართ, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. დასაფიქრებელია მისი ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მიწურულს, როცა ის წამოვიდა პრეზიდენტის გუნდიდან ოპოზიციაში და სააკაშვილს ისეთი ბრალდებები წაუყენა, რომელიც თავიდანვე უნდა ჰქონოდა, თუ ამ ბრალდებებს საფუძვლიანად თვლიდა და არა მხოლოდ მაშინ, როცა სააკაშვილის პოზიციები დასუსტდა.
ანალოგიური კითხვები ჩნდება ალასანიას მიმართ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაშიც, როცა ის, ივანიშვილის ერთ–ერთი ფავორიტი და მისი გუნდის წევრი, ბოლო პერიოდში აქტიურად უპირისპირდება ივანიშვილს და მთლიანად ხელისუფლებას და მათ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს, ისეთ ბრალდებებს, რომელიც თავიდანვე უნდა ჰქონოდა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, თუ ამდენ ინფორმაციას ფლობდა.
და მიუხედავად ამ საკმაოდ უხერხული მდგომარეობისა, რომელშიც აშკარად იმყოფება საკუთარ გუნდთან უკვე მეორედ დაპირისპირებული პოლიტიკოსი, მე მაინც ვთვლი, რომ ამ ეტაპზე გაცილებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს არა მისი პიროვნული თვისებების ან დღევანდელი პოზიციის მოტივების დადგენას (ამის დროც მოვა), არამედ იმ განცხადების შინაარსს, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გააკეთა 2015 წლის 3 აპრილს და ბრალი დასდო ხელისუფლებას სახელმწიფო ღალატში.
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთელი ჩვენი ყურადღება სწორედ ამ ბრალდების მიმართ უნდა იყოს კონცენტრირებული, რადგან ხელისუფლებას, რომლის საშინაო პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ამჯერად სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი!
ეს არის უმძიმესი ბრალდება, რომელსაც ამ ხელისუფლებამ სრულიად კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს: ან აღიაროს, ან დაამტკიცოს, რომ ეს ასე არ არის. დუმილის პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ხშირად მიმართავს ხოლმე, როცა საქმე ქვეყნის შიდა მდგომარეობას ეხება, ამ შემთხვევაში მის მიმართ წაყენებული ბრალდების აღიარების ტოლფასია.
ჩემი მხრიდან, საზოგადოებასაც მინდა მოვუწოდო, ნაკლები ყურადღება დავუთმოთ იმას, ვის გვესიმპათიურება ან არ გვესიმპათიურება ირაკლი ალასანია და პირველ რიგში მისი განცხადების შინაარსზე ვიფიქროთ, რადგან, ვიმეორებ: თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავისი განცხადებით ბრალს დებს ხელისუფლებას სახელმწიფო ღალატში!
დუმილი, ან ალასანიას პიროვნების ლანძღვა–გაქილიკება, არც ხელისუფლების, და არც საზოგადოების მხრიდან, გამოსავალი არ არის!
ასეთ ბრალდებას პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ და არა საზოგადოებამ ხელისუფლების ნაცვლად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე!
ქვეყანას არ შეიძლება ჰყავდეს სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი ხელისუფლება!
დუმილი ან გაურკვეველი პასუხი ხელისუფლების მხრიდან ამ უმძიმესი ბრალდების დადასტურებას ნიშნავს!–წერსსარიშვილი

banner
წინა სტატიაშისოფელ ბზვანში ბზის 640 ტოტი უკანონოდ მოჭრეს
შემდეგი სტატიაპუტინი მასშტაბურ ომს ამზადებს