“ქართულ ოცნებას” თანხები დეპუტატებმა და მთავრობის წევრებმაც გადაურიცხეს

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ბუდაპეშტში ევროპის სოციალისტური პარტიის მე-10 ყრილობას დაესწრება

“ქართული ოცნების” შემომწირველებს შორის დეპუტატები და მთავრობის წევრებიც არიან. უფრო კონკრეტულად, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2014 წელს კოალიციის სასარგებლოდ 30 000-30 000 ლარის შემოწირულება განახორციელეს ზვიად ძიძიგურმა, ბიძინა გუჯაბიძემ და გიგა ბუკიამ.
“ქართული ოცნებისთვის” 60 000 ლარი აქვს გადარიცხული ვალერი გელაშვილს, 25 000 ლარი – შოთა ხაბარელს, 150 ლარი – ნოდარ ებანოიძეს, 100 ლარი კი – ლევან ბერძენიშვილს.
კოალიციას 2 ათასი ლარით დაეხმარა აწ გარდაცვლილი დეპუტატი თამაზ ავდალიანიც. გარდა ამისა, კოალიციამ 5 000 ლარიანი შემოწირულება მიიღო პარლამენტში “ქართული ოცნების” აპარატის პრესსამსახურის წარმომადგენლის გრეტა წიწავასგან.
პარლამენტის დეპუტატებთან ერთად, გასულ წელს კოალიციის სასარგებლოდ შემოწირულება აქვთ განხორციელებული საკრებულოს წევრ გულო ზუმბაძეს, რომელმაც “ქართულ ოცნებას” 750 ლარი გადაურიცხა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილს, რომელსაც კოალიციის ანგარიშზე 50 000 ლარი აქვს გადარიცხული.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” შემომწირველ რამდენიმე ასეულ ფიზიკურ პირს შორის, შოუბიზნესის წარმომადგენლებიც არიან. მაგალითად, 500-500 ლარის არაფულადი შემოწირულება აქვთ განხორციელებული მომღერლებს კახა კუხიანიძეს, მაია ჯაბუას, მარიან კახელიშვილს, ხვიჩა მაღლაკელიძეს, ასევე კომპოზიტორ ქეთი გაბისიანს.
2014 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 7 493 724 ლარის შემოწირულება მიიღეს. აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი შემოწირულება სწორედ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ განხორციელდა. კოალიციის ანგარიშზე გასული წლის განმავლობაში შემოწირულების სახით 6 157 751 ლარი დაირიცხა.

banner
წინა სტატიაშიფინანსური დარღვევები თეატრალურ უნივერსიტეტში – აქცია კულტურის სამინისტროსთან
შემდეგი სტატიამეგის ქარდავას ცოლისძმა დანით დაჭრეს