“ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ უსამართლო სისტემას თავის თავზე ირგებს”

რუსთავში დღეს გამართული საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. ამის შესახებ “თაიმერს “დემოკრატიული მოძრაობიდან” აცნობეს.
“შეხვედრაზე დაპირისპირება გაიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და “დემოკრატიული მოძრაობის” წევრებს შორის. “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას საარჩევნო სისტემის ის ვარიანტი, რომელსაც ხელისუფლებას მთელი ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ. ახვლედიანმა მოითხოვა ხელისუფლებისაგან მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2020 წელს, როგორც ამას ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული პროექტი გულისხმობს”, -ნათქვამია ინფორმაციაში.
ახვლედიანის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრებს, რომელსაც ხელისუფლება აწყობს ქვეყნის მასშტაბით, არაფერი აქვს საერთო სახალხო განხილვის პროცესთან, ეს არის ხელისუფლების შეხვედრები საკუთარ აქტივისტებთან.
“ინტერპარტიულ ჯგუფს დაგეგმილი აქვს დაესწროს ასეთი სახის განხილვებს და მოსთხოვოს ხელისუფლებას პასუხი, თუ რატომ არ ასრულებს ის საკუთარ დანაპირებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რატომ არ ამკვიდრებს სამართლიან სისტემას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რატომ ირგებს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ უსამართლო სისტემას თავის თავზე და რატომ გაურბის მოლაპარაკების პროცესს დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ გააჩნია და ამიტომაც გაურბის დიალოგს. თუმცა, ეს ყველაფერი მათთვის ისეთივე პოლიტიკური შედეგის მომტანი იქნება, როგორი შედეგიც წინა ხელისუფლებამ სამი წლის წინ მიიღო”, – განაცხადა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაში,, მე დავდივარ დაცული, მაქვს იარაღის ტარების უფლება”
შემდეგი სტატია,,მათ, ვინც მორჩილია – აწინაურებენ, ვინც არა – ათავისუფლებენ თანამდებობებიდან”- ალასანია ივანიშვილზე საუბრობს