„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს ულოცავს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ზუგდიდსა და სენაკში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს.

პარტია ასევე მადლობას უხდის საარჩევნო ადმინისტრაციას ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, შუალედურმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნებისადმი“ მოსახლეობის მხარდაჭერა იზრდება.

“მოსახლეობა არ ექცევა სიცრუის მანქანის გავლენის ქვეშ და სათანადოდ აფასებს იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ უკანასკნელი ორწელიწადნახევრის განმავლობაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით განიცადა. მოსახლეობის მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი სტიმული, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით. პარტიის ახალმა აღმასრულებელმა გუნდმა წარმატებით გაიარა პირველი საარჩევნო ტესტი და დაამტკიცა, რომ აქვს სამართლიან საარჩევნო გარემოში დამაჯერებელი წარმატების მიღწევის სერიოზული და მზარდი რესურსი, რომელიც პარტიის რეგიონული სტრუქტურების რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ უპირობო და დამაჯერებელ გამარჯვებას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკობა არაბულის მიერ გამოთქმული ბრალდებებს ნოდარ ჯავახიშვილის დავალებით შესაბამისი სამსახური შეისწავლის
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე, ვთვლი, რომ ეს არაადეკვატური დამოკიდებულებაა