“ქართული მხარე აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დამყარებაში მოსკოვის ძალისხმევას მიესალმება”

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველო აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დიალოგის ახალ ფორმებსა და საშუალებებს განიხილავს.

“რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში აბაშიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ხელშეწყობის არსებობის შემთხვევაში საქართველო მზადაა, ოკუპირებული რეგიონების სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდზე გადადოს.

“თუ დიალოგი დაიწყება და რუსეთი ნამდვილად ხელს შეუწყობს, რომ ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის პირდპირი დიალოგი მოტივირებული იყოს, მზად ვართ საკითხები, რომლებიც სტატუსს უკავშირდება, გვერდზე გადავდოთ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ არც განვიხილოთ. მზად ვართ ისეთი კონკრეტული საკითხების განხილვა დავიწყოთ, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ბიზნესი, განათლება, ჯანდაცვა, წყალი, გაზი. მოდით, გვერდზე გავწიოთ ეს საერთო წითელი ხაზები და დავიწყოთ ადამიანური პრობლემებით”, – განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან სპეცწარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობიანის გარდა, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაახლოების სხვა ვარიანტს არ განიხილავს. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ხელისუფლება აფხაზებთან და ოსებთან ახალი ფორმისა და ახალი შესაძლებლობების პოვნაზე ფიქრობს.

“თუკი მოსკოვი ნამდვილად დაინტერესებულია ან გადაწყვეტს, რომ ასეთ დიალოგს ხელი უნდა შეუწყოს, ამას ჩვენ მალე დავინახავთ და შევამჩნევთ”, – განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ საჭიროა თბილისმა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს და პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს. ამასთან, პუტინმა დასძინა, რომ მოსკოვი მზადაა ამას ხელი შეუწყოს.

banner
წინა სტატიაში“თუ დაიწყება პირდაპირი მოლაპარაკება, ჩვენ მზად ვართ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდზე გადავდოთ,”
შემდეგი სტატია“შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს დადებულ ხელშეკრულება იქნება”