ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებსღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით, რამდენის ტარებასაც შეძლებს, – ამის შესახებ პატრიარქმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ ჯვრის ძალაზე ისაუბრა და თქვა, რომ არსებობს სხვადასხვა ჯვარი, არის ოჯახის ჯვარი, ან პიროვნების ჯვარი, ან სამსახურშია რაღაც სიმძიმე.
პატრიარქის თქმით, ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარი უფლისა და ის მძიმე აღარ იქნება. უწმინდესის განცხადებით, დღევანდელ კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება. პატრიარქის თქმით, ქართველმა ადამიანმა უნდა ებრძოლოს ბოროტებას.

“დღევანდელ კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება, როცა მართლმადიდებელი ეკლესია თაყვანს სცემს ჯვარსა პატიოსანსა და ამით აძლიერებს ადამიანს, ამით აძლევს მადლს, რომელიც ჯვარს პატიოსანს გააჩნია. ჯვარი უფლისა არის ძალა ღვთისა. ჯვარცმა ადამიანის ერთ-ერთი დამამცირებელი სასჯელი იყო. როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს, ჯვარი გახდა ძალა ღვთისა. ეს ძალა ღვთისა უკვე 20 საუკუნეა იცავს საქართველოს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი იცავს ჩვენს ქვეყანას. ჯვარი ღვთისა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას. უპირველეს ყოვლისა, სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისა, თავისი ცხოვრებით ადამიანმა უნდა შექმნას ჯვარი უფლისა. ამ შემთხვევაში ჯვარი აღარ იქნება მძიმე. ძალიან ხშირად ხალხისგან გვესმის, “რა მძიმე ჯვარი მისცა ადამიანს ღმერთმა”. ღმერთი აძლევს ჯვარს იმის მიხედვით, რამდენსაც შეძლებს, ატაროს. ვმადლობთ უფალს, რომ ყველას ჩვენი ძალის მიხედვით გვაქვს მოცემული ჯვარი და როცა ადამიანი იღლება, თხოულობს, რომ უფალი მივიდეს. ამ ნიადაგზე შეიქმნა საგალობელი “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო”. როცა ადამიანს წინსვლის ძალა აღარ აქვს, უფალი მიდის მასთან და ეხმარება მას. ძალა ღვთისა რომ არ იყოს, ადამიანი ვერ შეძლებდა ეტარებინა ჯვარი.არასდროს ადამიანი სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს. არ უნდა დაიღალოს მორწმუნე ადამიანი. ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება. ქართველმა ადამიანმა უნდა ებრძოლოს ბოროტებას. ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს. ეს მოხდება. ვერავითარი ბოროტი ძალა ვერაფერს დააკლებს საქართველოს, იმიტომ, რომ უფალი იცავს ჩვენს ქვეყანას და ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას. დაღლის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს თავს, ჩვენს ვნებებს, ჩვენს ცოდვებს და ყველაფერი კარგად იქნება”, -განაცხადა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” წევრებმა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს.
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილს ფიზიკური ძალადობის და დაპირისპირების გზით უნდა ხელისუფლების შენარჩუნება