,,ფრთხილად, მეგობრებო, ძალიან ფრთხილად, ირინა ირაკლი არ არის,, – დოდონა კიზირია

10622895_853656604653971_6937879393822647525_nაშშ-ში მცხოვრები ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი დოდონა კიზირია, ბოლო დროს მედიაში და სოციალურ ქსელებში, ირინა სარიშვილისა და ირაკლი წერეთელის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის მიმართ გამოჩენილ საზოგადოებრივ ყურადღებას სოციალური ქსელით ეხმიანება… ,,თაიმერი,, გთავაზობთ პროფესორ კიზირიას კომენტარს…

,,კომენტარების გუგუნი ატყდა ირაკლი წერეთლის და ირინა სარიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის და მათ მიერ ივანაშვილის მთავრობის მთავრობის კრიტიკის გამო. მეც გეტყვით ჩემს აზრს. წარსულში ერთიც და მეორეც შეუერთდნენ გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა რიგებს, ერთიც და მეორეც აკრიტიკებდა სააკაშვილის მთავრობას. მაგრამ მათი მსგავსება ამით თავდება. აქ ორ სრულიად სხვაგვარ ფენომენთან გვაქვს საქმე.

ირაკლი საკმაოდ ადვილად გასაშიფრი პიროვნებაა, ვინაიდან მისი პოლიტიკური აზროვნების უნარი საკმაოდ შეზღუდულია. მისი მიზანია ყურადღების ცენტრში თუ არა, მის სფეროში მაინც იყვეს და ამიტომ ყოველვის დადგება იქ, სადაც ფიქრობს მეტ პატივისცემას დაიმსახურებს. იგი არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობისთვის, ფაქტიურად, მის მიზანს ემსახურება და დღეს მისი მხარდაჭერა საჭიროც და აუცილებელიც არის. თუ ან როდესაც იგი ამ მოძრაობას უღალატებს, ეს ყველასთვის მაშინვე გასაგები გახდება და მისი ამგვარი სავარაუდო „ღალატი“ დიდი დანაკლისი არ იქნება. თავისთავად მას არ ძალუძს რომელიმე სხვა პარტიის ან ოპოზიციის რიგებში ჩადგომის გარეშე მიმდევართა დიდი რაოდენობა ჰყავდეს.

ირინა გაცილებით უფრო ჭკვიანი და ამბიციური პიროვნებაა. ყურადღების ცენტრში ყოფნა მისთვის საკმარისი არ არის. მას რეალური ლიდერობა და ძალაუფლებაში მოსვლა სურს. თუ ყურადღებით მოუსმენთ, იგი თითქმის აიგივებს ნაციონალთა და მეოცნებეთა პარტიებს. პირდაპირ სთქვა, მათ შორის დიდი განსხვავება არ არის, ისინი განაპირობებენ ერთმანეთის არსებობასო. ეს უაღრესად დამამცირებელი კომენტარია. იგი სწორედ მიხვდა, რომ საჭიროა მესამე ძალა, რომელიც მიიზიდავს უამრავ ამომრჩეველს, რომლებსაც იმედი გაუცრუა ივანაშვილმა, მაგრამ არ უნდათ, ან ეშინიათ ნაციონალების დაბრუნებისა. ეს კი მოსახლეობის საკმაოდ დიდ პროცენტს წარმოადგენს. მე იმედი მქონდა, რომ ამგვარ მესამე ძალას ორგანიზაცია „ივერია“ შექმნიდა, მაგრამ ჯერჯერობით მათგან ვერავითარ აქტიურობას ვერ ვხედავ. აი, ამ ვაკუუმის შევსება უნდა სარიშვილს.

მისი ამბიციის მქონე ადამიანი არა თუ დაუპირისპირდება ნაციონალურ პარტიას, არამედ მის აშკარა მტრებსაც კი შეურთდება, თუ ეს მისი პირადი მიზნებისთვის საჭიროდ ჩასთვალა. ამიტომ, მე მივესალმები მის მიერ ივანაშვილის კრიტიკას, მაგრამ ვერაფრით ბოლომდე ვერ ვენდობი პოლიტიკურ ბრძოლაში. მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა ფრთხილ მანევრირებას საჭიროებს და მასთან გარკვეულ ურთიერთობას საჭიროდ ვთვლი. მაგრამ ფრთხილად, მეგობრებო, ძალიან ფრთხილად, ირინა ირაკლი არ არის და საკმაოდ ვერაგი მოგვერდის გაკეთება შეუძლია,, წერს დოდონა კიზირია.

banner
წინა სტატიაშინავზე 100 მიგრანტი საჭმლის გამო მოკლეს
შემდეგი სტატიაკადიროვი: ცარნაევი ტერორისტად ამერიკამ აქცია