უფლებადამცველ მერაბ ბლადაძის სკანდალური წერილი

უფლებადამცველ მერაბ ბლადაძის სკანდალური წერილი

უფლებადამცველ მერაბ ბლადაძის სკანდალური წერილი“მუსულმანი ბებიის გაზრდილი ვარ, მაგრამ აჭარაში ვაჰაბისტებსა და პანისლამურ იდეოლოგიას ვერ შევეგუები!”

რელიგიური აღმსარებლობის თემა იმდენად საფრთხილოა, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და უფლებადამცველი, პოლიტიკური ქულების დაკარგვის შიშით, ალბათ, გვერდს აუვლიდა, მაგრამ გადავწყვიტე, სამსჯავროზე მაინც გამოვიტანო და ხალხმა განსაჯოს, რამდენად სამართლიანი და ობიექტური ვარ… საქართველო მრავალკონფესიური ქვეყანაა _ ოდითგანვე გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ მართლმადიდებლები, კათოლიკები, გრიგორიანელები, მუსულმანები, იუდეველები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები, თუმცა რელიგიური ნიშნით მათ შორის დაპირისპირება არასოდეს ყოფილა… დღეს კი რა გვემართება?…
გვემართება ის, რომ “მეხუთე კოლონები”, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის სახელებით არიან დარეგისტრირებულნი და ოღონდაც, ფული იშოვონ, არ აინტერესებთ, ვისგან დაფინანსდებიან და სულს ეშმაკსაც მიჰყიდიან, საქართველოს ინტერესებზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია…
როგორც გახსოვთ, 2014 წლის სექტემბრის დასაწყისში, ქალაქ ქობულეთში, ლერმონტოვის 13-ში მდებარე სახლში, მცდელობა იყო, რომ მუსულმანთა მედრესე გახსნილიყო, რასაც წინ უშუალოდ ამავე ქუჩაზე მცხოვრებნი აღუდგნენ _ ქუჩის მხრიდან, სახლის შესასვლელის პიკეტირება მოაწყვეს და საშუალება არ მისცეს, რომ მედრესეს ფუნქციონირება დაეწყო… მეზობლების მოთხოვნა შემდეგი იყო: “ჩვენი უბანი ოდითგანვე ქრისტიანულია, მჭიდროდ დასახლებული და არ გვინდა, ჩვენი შვილები მუსულმანური პროპაგანდისა და იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოექცნენ, თან აქვე ახლოს, რუსთაველის ქუჩაზე 6 წელია, მედრესე ფუნქციონირებს და შეგიძლიათ, საქმიანობა იქ გააგრძელოთ“… ეს მოთხოვნა სამართლიანი იყო თუ უსამართლო, ამის გარკვევა იურისტებს მივანდოთ…
დაძაბულობამ პიკს 11 სექტემბერს, დილით მაშინ მიაღწია, როცა მოპიკეტეებმა პანსიონის კარზე ჩამოკიდებული ღორის თავი დაინახეს…
ამ საქმეზე ბევრი დაიწერა და ბევრი ითქვა. გვახსოვს, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა პირად კონტროლზეც კი აიყვანა, რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს, თუმცა ამ პროვოკაციაში მონაწილეობა საბედნიეროდ, არ დაუმტკიცდათ.
მაშინაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ ღორის თავის “მიჭედებაში” არცერთ მოპიკეტეს მონაწილეობა არ მიუღია, ეს „მესამე ძალის“ მიერ ინსპირირებული სუფთა პროვოკაცია იყო. „მესამე ძალაში“ მათ ვგულისხმობ, ვინც თურქი რელიგიური ფუნდამენტალისტებისაგან იმართებიან და, რომელთა საბოლოო მიზანიც, რელიგიური არეულობის გზით, აჭარის დედასამშობლოსგან მოწყვეტის მცდელობა და თურქულ რელიგიურ ექსპანსიასთან ლოიალობაა…
ვაკვირდებოდი პროცესს, მონაწილეობასაც ვღებულობდი ადგილობრივ მცხოვრებთა და მედრესეს გახსნის ინიციატორთა შორის გამართულ მოლაპარაკებებში, თუმცა ერთმანეთისადმი შეურაცხმყოფელი ერთი სიტყვაც არ გამიგონია… (ამას ორივე მხარე დაადასტურებს)!
აჭარაში, გამორიცხულია, ქრისტიანმა მუსულმანი შეურაცხყოს ან, პირიქით. თქვენ წარმოიდგინეთ, აჭარაში უამრავი შემთხვევაა, როცა ერთი ძმა მუსულმანია, მეორე _ ქრისტიანი, მამა _ მუსულმანი, შვილი _ ქრისტიანი და ა.შ. მათი უახლოესი წინაპრები კი, მუსულმანები იყვნენ… მაშ, ვინ უნდა იკადროს იმის თქმა, რომ აჭარაში მუსულმანებს ავიწროვებენო? _ რა თქმა უნდა, პროვოკატორმა და წამქეზებელმა…

დღეს კი, რა ხდება: ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMჩ), რომელიც 2012 წლის 28 ნოემბერს დაარსდა (გასაგებია, ვისი ინტერესების გამტარებელიც ბრძანდება). მთავარი მისია (წესდების მიხედვით) შემდეგი ჯგუფების უფლებების დაცვაა: 1) სოციალურად დაუცველი მოქალაქეები; 2) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; 3) ლგბტ პირები; 4) რელიგიური უმცირესობები.
ძალიან კარგი, ამ მისიის მიმართ პრეტენზია არ მაქვს, პირიქით, ძალიან მომწონს (ძალიან მაინტერესებს, რა სახის დახმარებები გაუწია ოთხივე ჯგუფში შემავალ პირებს?!), მაგრამ ყველაზე მთავარი მისია თუ სიცრუე და ქვეყნისთვის სახელის გატეხა იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი?!. გამოდის, რომ ტყუილს, ლამაზად შეფუთავენ და სიმართლედ მოგვაჩვენებენ… გრანტს გააჩნია, თუ რა რაოდენობის იქნება…
საქმე ისაა, პატივცემულო მკითხველო, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“-ს წაქეზებით, ზემოაღნიშნული ფაქტი, სამოქალაქო სარჩელით, დავის საგანი გახდა, მოსარჩელედ გამოდიან: 1) „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“-ს თავმჯდომარე რამაზ კაკალაძე; 2) ფიზიკური პირი კახა კახაძე; 3) ფიზიკური პირი ბადრი ირემაძე; 4) ფიზიკური პირი თემურ ხალვაში.
მოპასუხეები კი არიან: საქართველოს შს სამინისტრო და ქალაქ ქობულეთის ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლები, ფიზიკური პირები: მეუღლეები _ ანგელინა და დურსუნ ყურშუბაძე და ჟუჟუნა და ზურაბ რუხაძეები
მოსარჩელე მხარეს, ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს” სასამართლოში წარმოადგენენ საქართველოს ინტერესებზე უზომოდ შეყვარებულები _ ლელა გვიშიანი და თამთა მიქელაძე (ცენტრის დირექტორი).
რას ითხოვენ მოსარჩელეები?!
1) შსს-ს, არასათანადო რეაგირების გამო მიყენებული ზიანისათვის, დაეკისროს ჯარიმის გადახდა _ 1 (ერთი) ლარი და უზრუნველყოს მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის (სიტყვა მედრესე შეგნებულად შეცვლილია) აღდგენა…
2). ხოლო ფიზიკური პირების მიმართ, მათ მიერ რელიგიური არაშემწყნარებლობის, აშკარა სიძულვილის და დისკრიმინაციის გამოვლენის გამო, მორალური ზიანის მიყენების შედეგად, თითოეულზე 1000 (ათასი) ლარის ჯარიმის გადახდა. დაეკისროს სულ 4000 ლარის, ასევე, სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა…
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრ“-ს მივმართავ:
1) ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ ამოარჩიეთ მხოლოდ ეს ოთხი ფიზიკური პირი მაშინ, როდესაც მედრესეს გახსნის წინააღმდეგი ლერმონტოვის ქუჩის 100-მდე მცხოვრები იყო?!
2) იციან თუ არა თქვენმა იურისტებმა, რომ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მტყუანიც რომ აღმოჩნდეს, გარდა 1 ლარისა, სხვა დანარჩენს ვერაფრით დააკმაყოფილებს ერთი მარტივი მიზეზის გამო: შსს-ს ფუნქციაში შედის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და არა _ მედრესეს აღდგენა?!
3) საქართველოს შს სამინისტროს მოსარჩელე რომ ავალდებულებს, მედრესე გახსენი, თორემ ისლამოფობიას დაგწამებო, აქ, თქვენი მხრიდან უფრო ინტრიგის ნიშნები ხომ არ იკვეთება, ვიდრე _ სიმართლის გარკვევის?
4) სარჩელში გარკვევით წერია ფრაზა “აჭარელ მუსულმანებს ებრძვიან”. „აჭარელი მუსულმანი“ უნდა ეწეროს თუ, „ქართველი მუსულმანი“?
თქვენ ობიექტური და ისტორიული ჭეშმარიტება არ გაინტერესებთ, თქვენ სპეციალურად ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისათვის ხართ მომართულნი!
საბედნიეროდ, მოპასუხეთა ინტერესს (შსს-ს გარდა) დაიცავს სამართლის ექპერტი როსტომ გუნთაიშვილი, რომელიც ვფიქრობ, სათანადო პასუხს გაგცემთ სასამართლოს მსვლელობის დროს.
მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ფაქტს სამართლებრივი შეფასება მისცეს და დისკრიმინაციად აღიარეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს შს მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და კიდევ ბევრმა დისკრეციული უფლების მატარებელმა პირმა. რა თქმა უნდა, მოსამართლისთვის ცნობილია მოპასუხეების მიმართ დისკრიმინაციული ხასიათის დარღვევის შესახებ. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მოსამართლე, ამ თანამდებობის პირთა სამართლებრივი შეფასებებისგან გამოვიდეს და მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება….
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრ“-მა ძალიან კარგად იცის, რომ ამ პროცესს წააგებს, მაგრამ მისი ინტერესი ისაა, რომ სტრასბურგში შეიტანოს სარჩელი… იქაც წააგებს, სამაგიეროდ, თურქ-ფუნდამენტალისტებთან გაითქვამს სახელს და მიიღებს სანუკვარ დაფინანსებას, რომელსაც სამწუხაროდ, ისევ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ გამოიყენებს…
დავუბრუნდები ძვირფას მკითხველს და მცირე ინფორმაციას მივაწვდი:
თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების დღიდან ფუნქციონირებს სახელმწიფო უწყება _ ისლამის გავრცელებისა და პროპაგანდის სამინისტრო, რომლის ყოველწლიური ბიუჯეტიც ასეულ მილიონობით დოლარია და ეს ფული არ იხარჯება მხოლოდ თურქეთში. ამ ფულით მხარდაჭერილია ისლამის გავრცელება ბალკანეთში, ცენტრალურ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ჩვენს „მცირე აჭარაშიც“. ეს უდიდესი მანქანა მუშაობდა, მუშაობს და არც მომავალში იტყვის უარს მისი მიზნების მიღწევაზე. ყველა იმ პირის, ვინც საქართველოში ზემოაღნიშნული პროპაგანდის მანქანის შემადგენელი ნაწილია, რა თქმა უნდა, არა უსასყიდლოდ, საქართველოში რაიმე წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, „გასამრჯელო ერთგულებისთვის“ სამმაგდება და ხუთმაგდება და რამდენიმე ათას დოლარს აღწევს.
დღეის მდგომარეობით, ისლამური სამყაროს ყველაზე რადიკალური ფრთის წარმომადგენელსაც კი შეუძლია, აჭარაში, რელიგიური ექსპანსიის გავრცელების მიზნით, მედრესე გახსნას. ამ საკითხს უამრავი სტატია თუ ტელეგადაცემა მივუძღვენი. საქართველოს სამუფთო სამმართველოშიც დავაყენე საკითხი, რომ არ შეიძლება, ვისაც მოესურვება, მედრესეს ხსნიდეს; არ შეიძლება, განათლების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე რაიმე რელიგიური სასწავლო ცენტრი იხსნებოდეს; რომ საჭიროა სახელმწიფომ კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი ისევე, როგორც ევროპაშია მიღებული და აპრობირებული და თუ ვინმეს _ არაბს, თურქს თუ სხვა ეროვნების მუსულმანს, სურს, ქართველ მუსლიმებს ხელი შეუწყოს, კეთილი ინებოს და საქართველოს სამუფთო სამმართველოს ანგარიშზე ჩარიცხოს შემოწირულობა და სამუფთო თვითონ გადაწყვეტს, სად, რამდენი მედრესე და სალოცავი ააშენოს…
ვიღუპებით, ქართველებო, სამშობლო ხელიდან გვეცლება, თაობა გვეცლება ხელიდან! ბევრი ღირსეული ქართველი მუსლიმი გვყავს, ბევრიც _ ქართველი ვაჰაბისტი! ვაჰაბიზმის სამშობლოდ, როგორც იცით, სპარსეთი მიიჩნევა და დღეისთვის, ირანსა და კიდევ ხუთ მუსულმანურ სახელმწიფოში, ვაჰაბიზმი კანონით იკრძალება… საქართველოში კი, არ დაადგა ამ კანონის მიღებას საშველი… პარადოქსია, არა?!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მუსულმანთა სკოლა-პანსიონები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სამუფთოს გადაწყვეტილებით უნდა იხსნებოდეს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებითა და ლიცენზიით!

უფლებადამცველ მერაბ ბლადაძის სკანდალური წერილი
დღეს საქართველოში 36 მუსულმანური სასწავლებლები _ მედრესე მოქმედებს, აქედან, 24 აჭარაში ფუნქციონირებს და ლიცენზია ერთსაც არ აქვს, ანუ უკანონოა! ქობულეთში, ლერმონტოვის ქ. #13-ში მდებარე შენობის მეპატრონე შპს “M & B”-ის დამფუძნებელი მუსტაფა ბუიუქია, რომელმაც აღნიშნული მეწარმე სუბიექტი მის სახელზე დაარეგისტრირა მხოლოდ იმ მიზნით, რომ იქ მედრესე გახსნილიყო. მას დღემდე სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია. აღნიშნული შენობა არაა დარეგისტრირებული, როგორც ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლისა და დასუფთავების მომხმარებელი, მიუხედავად ამისა, 2014 წლის 1 აგვისტოს, მან შენობა 1000 ლარად ა.ა.ი.პ „ქართველ მუსლიმანთა ერთობას“ (თავმჯდომარეს რამაზ კაკალაძე) მიაქირავა. აქვს თუ არა იჯარის თანხა გადახდილი კაკალაძეს? _ ეს ცალკე კვლევის საგანია…
შედარებისთვის: 2014 წლის ნოემბერში, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ფიზიკური პირი, ლეონიდ ჩერნოვეცკის „სოციალური პარტნიორობის ფონდმა“, გიორგი მაზნიაშვილის სახელობის საბავშვო პანსიონი გახსნა. ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, პანსიონი აჭარის რეგიონში მცხოვრებ 50 ბავშვზე იყო განსაზღვრული, რომლებიც სოციალურად უაღრესად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობდნენ. ბავშვები პანსიონში უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ კვებით, ტანსაცმლით, ტექნიკით, სამედიცინო მომსახურებით და სხვა სიხარულით, რასაც ეს ბავშვები მოკლებულნი იყვნენ, განათლებას კი, ქ. ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლაში მიიღებდნენ. 2015 წლის იანვარში, „სოციალური პარტნიორობის ფონდი“-ს მიერ დაარსებული საბავშვო პანსიონი ხელისუფლებამ დახურა, რის მიზეზადაც პანსიონის მხრიდან არალიცენზირებული საქმიანობა დაასახელა…
ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოში რამდენიმე სხდომა უკვე ჩატარდა, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული და ძალიან ცუდი იქნება, თუ ბავშვების ეს ერთადერთი სიხარულიც ისევ ქართველთა ხელით გაქრება…
სამაგიეროდ, არ დაგავიწყდეთ, რომ 36 მედრესე ფუნქციონირებს საქართველოში, ლიცენზიის გარეშე და ხმის ამომღები არავინაა!
აქვე ვაფიქსირებ: პატივს ვცემ მუსულმანებს, სუნიტებსაც და შიიტებსაც, მაგრამ ვერ შევეგუები ვაჰაბისტებს და პანისლამურ იდეოლოგიას! მე მუსულმანი ბებიის გაზრდილი ვარ, ჩემი ღრმა რწმენით, ის ყველაზე დიდი ქართველი იყო იმიტომ, რომ ჭეშმარიტად უყვარდა დედა საქართველო!
მე დღეს იმ გზით დავდივარ სახლში, რომელ გზასაც დიდი გულო-აღა კაიკაციშვილის კვალი ეტყობა, იგიც ქართველი მუსულმანი იყო!
ესაა ჩვენი „აჭარული სამართალი“ და დანარჩენი თქვენ განსაჯეთ, ჩემო ქართველებო!
მერაბ ბლადაძე

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის კონცერტი ოდესაში მიხეილ სააკაშვილმა გახსნა
შემდეგი სტატიაკრემლი გაზრდილი სანქციების პასუხისთვის მზად არის