უკრაინის სახელმწიფო ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს უჩივის

ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო ავიაციის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა დენის ანტონიუკმა გუბერნატორის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ავიაციის ყოფილმა უფროსმა სარჩელი გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის სახელზე დაწერა და აღნიშნა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, ის უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ანტონიუკის მტკიცებით, კანონის თანახმად, სააკაშვილს არ ჰქონდა 26 ივნისს გამართული კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიღების უფლება, რადგან ის არ არის კომისიის წევრი.

მისივე თქმით, სააკაშვილი კორუფციული მოტივებით თურქული კაპიტალის მქონე ავიაკომპანია „ატლასჯეტ უკრაინას“ ინტერესებს ლობირებდა.

„სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოში სწორედ თურქულმა კაპიტალმა მოახდინა ავიაციის სფეროს ოკუპირება. სწორედ ამიტომ, სააკაშვილმა თანამდებობის ბოროტად გამოყენების და უკანონო სარგებელის მიღების მცდელობის გამო, პასუხი უნდა აგოს“, – აღნიშნა ავიაციის სამსახურის ყოფილმა უფროსმა.

დენის ანტონიუკის თქმით, თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების და რეპუტაციის შელახვის გამო, მას მორალური ზიანი მიადგა. უკრაინის სახელმწიფო ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელი კომპენსაციის სახით, 1 მილიონ უკრაინულ გრივნას ითხოვს.

ანტონიუკის სარჩელს თავად ოდესის გუბერნატორი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი ინტერესდება, თუ რა პერიოდში მიადგა ანტონიუკს აღნიშნული თანხის ზიანი.

„სახელმწიფო ავიაციის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჩემს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებით, მე მას 1 მილიონი გრივნის ოდენობის ზარალი მივაყენე. ის ცნობილი უკრაინელი ლიტერატურული პერსონაჟის მსგავსად, ჩემგან მილიონს ითხოვს. მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, ეს ზარალი მას მიადგა წუთში, 1 დღეში, ერთ კვირაში, თვეში თუ ერთ წელიწადში?“, – წერს ოდესის გუბერნატორი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიაიკრძალოს უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა საქართველოში
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, sms სპამს თანხმობის გარეშე უფრო მეტი მოქალაქე იღებს