უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 30-ზე მეტი პირია წარდგენილი

ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 30-ზე მეტი პირია წარდგენილი, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანდიდატურების წარდგენისთვის დადგენილი ვადა დღეს დღის ბოლოს იწურება. “ამ ეტაპისთვის შემოსულია 50-მდე წარდგინება, რომლითაც 30-ზე მეტი პირია დასახელებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა ამ ეტაპზე ეს სია საჯარო ვერ გახდება იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიდის კომუნიკაცია ამ კანდიდატურებთან დაკავშირებით. მაგალითად, რამდენიმე დასახელებულმა პირმა უარი განაცხადა. მაგალითად, ბატონმა ჯონი ხეცურიანმა, ლადო ჭანტურიამ, თინა ხიდაშელმა, იური ტაბუცაძემ”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.
მისივე თქმით, კანდიდატების სია უახლოეს დღეებში გახდება საჯარო. კვერენჩხილაძის თქმით, მიღების დასრულების შემდეგ უკვე მოხდება სხვადასხვა ფორმალურ-სამართლებრივი კანონით დადგენილი კრიტერიუმების, დოოკუმენტაციის და კანდიდატთა თანხმობის მიღება.
“რაც შეეხება ვადას, უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში უკვე ეს თანხმობები და თანხმობაზე უარი ამ კანდიდატებთან კომუნიკაციის შედეგად იქნება გარკვეული. საბოლოოდ სია იქნება ხელმისაწვდომი და ამის შემდგომ მოხდება შერჩევა იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც პრეზიდენტისა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების კონსულტაციების შედეგად შემუშავდა”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში დაჭრილი მოზარდების მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაპეტრიწის ქუჩაზე დაჭრილი მოზარდები თანაკლასელები იყვნენ