უგულავას, მერაბიშვილის, სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ადეიშვილის გაერთიანებული წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის პირველი გაერთიანებული წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, საქმე იმ მიზეზით გაერთიანდა, რომ არ მოხდეს აღნიშნული საქმის დროში გაწელვა. ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, საქმე ორივე მხარის ნებართვით გაერთიანდა.
“მიხეილ სააკაშვილის და სხვა ბრალდებულთა მიმართ ე.წ. 7 ნოემბრის საქმე გაერთიანდა სასამართლოში, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე. ორივე მხარის თანხმობით მოხდა საქმეების გაერთიანება. მიზეზი არის ის, რომ არ მოხდეს სასამართლო პროცესების დროში გაწელვა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, გაერთიანებულ საქმეებზე არის ასობით მოწმის ჩვენება, ასევე ათეულობით ექსპერტიზის დასკვნა და უამრავი ვიდეო და აუდიომასალა”, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
პროკურორის პოზიციას არ ეთანხმება ვანო მერაბიშვილის ადვოკატი. გიორგი ჩივიაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა საქმეების გაერთიანებით ცდილობს პროცესები დროში კიდევ უფრო გაწელოს.
ჩივიაშვილის თქმით, საქმეების გაერთიანების დროს უგულავას და მერაბიშვილის ადვოკატებთან პოზიცია შეთანხმებული არ ყოფილა.
“არ ვეთანხმები საქმეების გაერთიანებას ერთ საქმედ, არც უგულავას არც მერაბიშვილის ადვოკატები არ ვესწრებოდით პროცესს. შესაბამისად, ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, დღეს ჩვენ დავაფიქსირებთ შესაბამის პოზიციას. ეს სისხლის სამართლის საქმე უკვე მესამე მოსამართლეს გადაეცა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ “აკატავებენ” ამ საქმეს, რადგან გიგი უგულავა კვლავ ჰყავდეთ წინასწარ პატიმრობაში”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
დღევანდელ პროცესს დაცვის მხარის ინფორმაციით, ესწრება გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკო – უკრაინაში შესაძლოა ომი, ნებისმიერ დროს დაიწყოს
შემდეგი სტატიაბალტიმორში არეულობის გამო კომენდანტის საათს შემოიღებენ