ტოვებს თუ არა დავით საგანელიძე დეპუტატის მანდატს?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს და ამის შესახებ გავრცელებულ ხმებს ოპონენტებისა და გარკვეული ორგანიზაციების სურვილად მოიხსენიებს.

ვრჩები ჩემს პოსტზე, არსად მივდივარ, ვაკეთებ იმას, რაც მევალება, არავის უთქვამს, რომ სადმე გადაყვანას მიპირებენ, – ასე ეხმაურება დავით საგანელიძე პარლამენტიდან მის შესაძლო წასვლის თაობაზე გავრცელებულ მორიგ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საგანელიძეს უმრავლესობის ლიდერის პოსტზე დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე შეცვლის, მას კი, “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელად ნიშნავენ.

როგორც საგანელიძე განმარტავს, მის სხვა მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო რგოლში გადასვლის თაობაზე ბევრჯერ იყო საუბარი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმასაც ამბობს, რომ თემის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვას მედია ცდილობს.

“ჩემთვის ძალიან საინტერესო და უცნაურია, რომ უკვე მერამდენედ მედია-საშუალებებით აგორდა თემა იმის შესახებ, რომ დავით საგანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს, პარლამენტს ტოვებს და მიდის. სად მივდივარ, მაგას აღარ ამბობენ და არც მე ვიცი. ერთხელ და საბოლოოდ მინდა გარკვევით ვთქვა ისე, რომ ამას ინტერპრეტაციები არ მოჰყვეს: – არსად არ მივდივარ და ვრჩები ჩემს თანამდებობაზე მანამ, სანამ გუნდი, რომლის წევრიც მე ვარ, ჩათვლის, რომ ჯობია, ამ თანამდებობაზე ვიყო და ეს საქმე ვაკეთო. არასდროს არ გამოვრიცხავ იმას, რომ თუკი გუნდი ჩათვლის, რომ ჯობია დავით საგანელიძე რომელიმე სხვა რგოლში გადავიდეს და საქმე სხვა მიმართულებით აკეთოს – არა ვარ ადამიანი, ვინც პარლამენტის წევრის მანდატს და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სავარძელს გამოეკიდება. სადაც ჯობია იქ წავალ. ამ ეტაპზე შესაძლებელია ძალიან ბევრი თემა განიხილებოდეს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე გადაწყეტილება მიღებულია და სადმე მივდივარ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

მისივე მტკიცებით, არასდროს მისი კანდიდატურა “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელად არ განხილულა და რომც იყოს შეთავაზება, უარს იტყვის.

“მე ვიყავი “საქართველოს განვითარების ბანკის” შექმნის ინიციატორია. ამ პოზიციაზე ძალიან მყარად ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება”, – დასძინა საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ხელისუფლება აფხაზ ძმებს და დებს C ჰეპატიტისგან განკურნების პირობებს შეუქმნის