ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – უნიკალური წიგნების საცავი!

 0138დღემდე კარგად მახსოვს ის სუნი, მრავალი წლის წინ, ღრმა ბავშვობაში, პირველად ბიბლიოთეკაში შესულმა რომ ვიგრძენი… სხვაგან მსგავსი სუნი არსად არაა!

და მას შემდეგ, ყველგან, სადაც კი წიგნს დავინახავ, იმ სუნს ვეძებ წიგნის სუნი რომ ქვია და გარდა ბიბლიოთეკისა ეს სუნი არსად არაა…

საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო სამწუხარო დრო, როცა ბიბლიოთეკების დიდი ნაწილი დახურეს, იყო დრო როცა წიგნები დაწვეს, იყო დრო როცა „წიგნის სუნს“ ებრძოდნენ და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ხდებოდა ე.წ. განათლებული ხალხის მიერ. სწორედ მაშინ გაჩნდა ტერმინი – განათლებული გველები! დიახ, ჩვენთანაც იყვნენ „განათლებული გველები“, დიახ, ჩვენთანაც ებრძოდნენ წიგნს, ისევე როგორც ძეგლებს!

 

ცნობისთვის: ბიბლიოთეკა (ბერძნ. βιβλιοθήκη < βιβλίον — წიგნი; ბერძნ. θήκη — საცავი) — კულტურულ-საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო დაწესებულება, ბეჭდვით ნაწარმოებთა საზოგადოებრივი სარგებლობის ორგანიზატორი. სისტემატურად კრებს ბეჭდვითს ნაწარმოებებს, იცავს მათ, უწევს პროპაგანდას და გასცემს მკითხველებზე, ატარებს აგრეთვე საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მუშაობას.

წარსულიდან: საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია უკავშირდება მონასტრების საქმიანობას. ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე წიგნსაცავის შექმნაზე ზრუნავდნენ. ყველა ეკლესია-მონასტერს თავისი წიგნსაცავი ჰქონდა. ბიბლიოთეკებს ძირითადად შემოწირული წიგნები შეადგენდნენ. X საუკუნეში უკვე მოწესრიგებული ჩანს წიგნების დაცვის, სარგებლობისა და აღნუსხვა-აღწერის საქმე. წიგნით სარგებლობა მხოლოდ საცავში შეიძლებოდა. დიდ კულტურულ-სამწიგნობრო ცენტრებს, რომლებიც გრიგოლ ხანძთელისთაოსნობით VIIIIX საუკუნეებში ტაოკლარჯეთში შეიქმნა, თავისი ბიბლიოთეკა ჰქონდა.
ბიბლიოთეკის სიდიდადეზე მისი საცავი მეტყველებს. დღეს საქართველოში ბევრი ბიბლიოთეკა არაა, სადაც უნიკალური წიგნები ინახება. ერთ-ერთი თავისი მასშტაბებით დიდი ბიბლიოთეკა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს.

გვესაუბრება ვაჟა პაპასკირი, პროფესორი, ეგრისის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი, საუნივერსიტეტო სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი:

 

_ „წიგნის სუნი“ არა მხოლოდ მიყვარს, არამედ ცხოვრება არ შემიძლია მის გარეშე! როგორი რემონტიც არ უნდა გააკეთო ბიბლიოთეკაში, წიგნის სპეციფიკური სუნი იქ ყოველთვის იქნება. პროფესია – ბიბლიოთეკარი, არის ავადმყოფობის სადარი. ჩვენ გავიარეთ პერიოდი, როცა ხელფასს არ ვღებულობდით, ან გვქონდა რამოდენიმე ათეული კუპონი და მიუხედავად ამისა წიგნებისათვის არ გვიღალატია.

_ ანუ ფული მნიშვნელოვანი არაა?

_ როგორ არაა მნიშვნელოვანი, გვიჭირდა, მაგრამ უფრო მეტი გასაჭირი იქნებოდა ის, აქ, ბიბლიოთეკაში რომ ვერ მოვსულიყავით. ის, ვინც ერთხელ იგრძნობს და შეიყვარებს წიგნის სუნს, გამორიცხულია ამ „დაავადებისაგან“ თავი დაიხსნას. მე დღეს მყავს 80 წელს მიტანებული თანამშრომლები, რომლებიც სერიოზულად არიან „დაავადებული“.

_ ამბობენ, უცხო ქვეყანაში ჩასული ადამიანის პირველი შთაბეჭდილება აეროპორტიდან იწყება. მე ვიტყოდი ასე, ნებისმიერ უნივერსიტეტზე შთაბეჭდილების შექმნა ადამიანმა სარეკლამო რგოლით კი არა ბიბლიოთეკით უნდა დაიწყოს. მინდა გითხრათ, რომ თქვენს ბიბლიოთეკაში პირველად ვარ და უკვე ვიცი, რომ ეს ადგილი ჩემზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. ასე სუფთად როგორ შეინახეთ საცავი, მითუმეტეს წარსულის იმ ფონზე რაც ზოგადად საქართველომ გამოიარა?

_ მსგავსი კითხვა ჩემთვის არავის დაუსვამს… საქმე იმაში გახლავთ რომ ბიბლიოთეკარები განსაკუთრებული ხასიათის ადამიანები არიან, მათთვის წიგნი ყველაფერია. წიგნი ცუდად დავდოთ ან არ გავუფრთხილდეთ? ეს ასე რომ მოხდეს, იქნება ჩვენი ღირსების შეურაცხყოფა! როგორ დავიცავით წიგნები? იმ გაჭირვების ჟამსაც კი ერთი დღე არ დაგვიკეტავს ბიბლიოთეკა, ყველანი აქ ვიყავით და ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. პოზიცია-ოპოზიცია ჩვენ არ შეგვხებია, წიგნიერება ყველას ჭირდება. თუ ორივე მხარე ხელისუფლებაში და ოპოზიციაში მყოფნიც წიგნიერები არიან, მაშინ რევოლუციები არ მოხდება! წიგნი ყველაფრის საფუძველია, წიგნი არის ინტელექტი, ინტელექტი არის იმის შემაჩერებელი რასაც ქვია ადამიანში ველური ბუნების დაძლევა! ვერც ერთი კომპიუტერი ვერ შეცვლის იმას, რასაც წიგნი ქვია! წიგნი თქვენი მეგობარია, მეგობარი კომპიუტერში ერ გაიცვლება!

_ დიახ, თუ ადამიანი არაა წიგნიერი ის წიგნს ხელს არ მოკიდებს! თქვენ ბრძანეთ რომ ხართ „წიგნის სუნით“ „დაავადებული“, მაგრამ არიან იგივე დაავადებით დაავადებული ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ ბიბლიოთეკაში. ვინ არის თქვენი ბიბლიოთეკის ყველაზე დიდი „ქურდი“?

_ აი, ამბობენ, რომ წიგნის ქურდი ქურდი არაა. მე გეტყვით თქვენ, ვინც წიგნს მოიპარავს ის უნდა დაისაჯოს. წიგნი არის ინტელექტუალური პროდუქტი, რომლის ხელყოფა არ შეიძლება! აქ არის მეორე მხარეც – როგორ ახორციელებ კონტროლს, იმაზე რასაც გასცემ! მკითხველს უნდა ვენდოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა შევამოწმოთ. საქართველოში ახლა შემოვიდა საბიბლიოთეკო აგენტის სტატუსი, რომელსაც ორი რამ ევალება: მოიძიოს ინფორმაცია რა ჭირდება მკითხველს და როგორ დაბრუნდეს წიგნი ბიბლიოთეკაში. თქვენ ბრძანეთ თუ გყავდათ წიგნის „ქურდები“, ქურდობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ იყო შემთხვევა როცა ჩვენგან წიგნი წაიღო პროფესორმა და არ დააბრუნა. ბატონი ნიკო ქორთუა, თელავის უნივერსიტეტის რექტორი, ისე წავიდა ამქვეყნიდან წიგნი „რუხის ომი“ ვერ მოვატანინეთ, ვერ გაიმეტა. ორი საუკუნის წიგნია… ღმერთმა მიუტევოს ბატონ ნიკოს, წიგნი არ დაგვიბრუნა. გარდაცვალების შემდეგ კი მისმა ოჯახის წევრებმა „რუხის ომი“ ვერ იპოვეს, ხოლო მისივე სიცოცხლეში წიგნი რომ მკაცრი ტონით მოგვეთხოვა, დარწმუნებული ვარ ძალიან ინერვიულებდა. დღეს „რუხის ომის“ ასლი გვაქვს მხოლოდ…

_ წიგნის დადგენილ ვადებში ბიბლიოთეკაში დაბრუნება ყველაზე პრობლემური თემაა, არა?

_ გეთანხმებით. ძალიან ხშირია ფრაზა – ჩემს გარდა ამ წიგნს სხვა არავინ მოიკითხავს და იყოს ჩემთან! პროფესორს წიგნის ბიბლიოთეკაში დაბრუნების ვადად 1 წელი აქვს, სტუდენტს 6 თვით, ეს იმას არ ნიშნავს რომ 1 წლის ან 6 თვის შემდეგ ვადა არ გაუგრძელდებათ, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ძლიერი სამუშაო რგოლი არის წიგნის დაბრუნება.

_ ამ მომენტს ქვია „წიგნის ჭია“. არის ბევრი წიგნი, რომელსაც დიდი სიამოვნებით მოვიპარავდი. იმ დროს როცა ყაზბეგის ტომეულები არ გამოდიოდა, ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე და აღარ დავაბრუნე.

_ ძალიან ცუდად მოქცეულხართ.

_ ვიცი, მაგრამ ალბათ დღესაც იგივეს გავაკეთებდი.

_ თქვენ ცნობილი ქურდი ყოფილხართ.

_ დიახ და თან ვაღიარებ ამას, ეს ცოდვას არ მიმსუბუქებს, ესეც ვიცი.

_ თქვენ იცით რომ წიგნი გველაპარაკება? ჩვენ ისეთი დამოკიდებულება წიგნის მიმართ როგორც თქვენ ან სხვას აქვს, არა გვაქვს. ყოველ დღე ველაპარაკები წიგნებს, ყოველი მათგანი მჭირდება! თუ რომელიმე წიგნი თავის ადგილზე არ დევს, მე იმ დღეს ვერ ვისვენებ. თქვენ ბრძანეთ ყაზბეგის წიგნი „მოვიპარეო“. ჩვენთან ინახება ყაზბეგის სამტომეულის ერთ-ერთი უნიკალური გამოცემა მეცხრამეტე საუკუნისა. იცით ეს წიგნი როგორ მოხვდა ჩვენთან? აი, იმ ავბედით წლებში, რომელის ზემოთ ახსენეთ, ჩვენი ერთი პროფესორი ამ წიგნს პურის ფასად ყიდდა… პურის ფასად… ეს არის უნიკალური გამოცემა, რომელიც პურის ფულის ფასად ვიყიდეთ. ეს წიგნი არის უიშვიათესი გამოცემა, რომელიც საქართველოში რამოდენიმე ეგზემპლარია შემორჩენილი. ჩვენთან ინახება უნიკალური „ვეფხისტყაოსანი“, რომლის მსგავსი ოციოდე ცალია შემორჩენილი. ყველაზე დაუზიანებელი ეგზემპლარი გვაქვს ჩვენ! „ვეფხისტყაოსნის“ ამ გამოცემის რედაქტორია მაჩაბელი და ილია ჩავჭავაძე, მხატვარია ზიჩი. წიგნი უკვე ორი საუკუნისაა და ნახატებზე ფერი გახუნებული არაა. ეს წიგნი გამოვიდა სადღაც 800 ეგზემპლარი, ამოტვიფრულებიდან ყველაზე საუკეთესოდ შენახული ჩვენთან ინახება. ჩვენთან საცავში ინახება 2 მილიონი წიგნი, მილიონ 500 ათასი ჟურნალ-გაზეთი. 2 მილიონი წიგნიდან ფართოდ უნიკალური წიგნების რაოდენობა 10 ათასია, ძალიან უნიკალური კი 1000 წიგნი გვაქვს, რომელთა მსგავსი საქართველოში არსად არაა. ეს გამოიწვია იმან რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნიკალური გამოცემები მოხვდა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ჩვენ გვაქვს უამრავი გერმანულენოვანი, ფრანგულენოვანი და სხვა უნიკალური წიგნი. ჩვენთან ინახება მეთვრამეტე საუკუნეში საფრანგეთში გამოცემული მათემატიკის წიგნი და ამბობენ რომ ამ წიგნით ხელმძღვანელობდა ნაპოლეონი. ესაა „მათემატიკის კურსი არტილერიის სასწავლებლისათვის“, ეს საკუთრება 1922 წელსაა დაფიქსირებული. გვაქვს უძველესი ლექსიკონები.

_ ვინმემ რომ მოითხოვოს მემკვიდრეობა წიგნზე?

_ საკუთრება დაფიქსირებულია და გამორიცხულია ვინმემ რომელიმე წიგნის გატანა შეძლოს ჩვენგან.

_ დიქტატორი ხართ.

_ ზოგჯერ ასეც საჭიროა… ჩვენთან მოსულმა სტუდენტებმა იციან რომ როცა ბიბლიოთეკაში შემოდიან უნდა იყვნენ მოწესრიგებულები, არ უნდა დააზიანონ ტექნიკა იქნება ეს თუ წიგნი. ამას გარემოც კარნახობს მათ, აქ შემოსულ ადამიანს არა მგონია ცუდის გაკეთების სურვილი გაუჩნდეს.

_ ასე სუფთად როგორ შეინახეთ ბიბლიოთეკა?

_ იცით რაა? მე არ მაინტერესებს ჩემი მეუღლე როგორ ალაგებს სახლს, მაგრამ ბიბლიოთეკაში ყველა წერტილი ვიცი… ცოტა ხნის წინ ძალიან მძიმედ ვიყავი ჯანმრთელობის მხრივ. როცა გონზე არ ვიყავი თურმე ვახსენებდი ბიბლიოთეკას და როცა თვალი გავახილე პირველი რაც ვიკითხე იყო ბიბლიოთეკა. ეს არის ჩემი სახლი! ეს არის ჩემი ცხოვრება! 29 წლის ვიყავი აქ რომ მოვედი, ახლა ვარ 63 წლის, ძალიან დიდი დროა გასული, მე ყველაფერი მიყვარს აქ! აი, თქვენ ხედავთ აქ ავეჯს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნისაა, სკამებიც კი შენახულია, ყველა კარადა, ყველა მაგიდა არის ბიბლიოთეკის საკუთრება და ეს თაობებს უნდა დარჩეს. ჩვენთან დამლაგებელიც კი სხვანაირია, ახლა ძაან მოდაშია – დავალაგე და წავედი! ჩვენთან ქალბატონი ოლია ყველას უფროსია, თქვენ არ იცით როგორი რუდუნებით უვლის ის ყველა წიგნს, აი, ამ სიყვარულმა მოგვიყვანა აქამდე.

_ წიგნის შენახვას თავისი პირობები ჭირდება.

_ ჩვენი საცავის უნიკალურობამ გადაარჩინა წიგნები! საცავის ნაწილი მიწის ქვევითაა, მაგრამ მშრალია, ვინტილაციის პრობლემა არ არის. ერთ-ერთი საუკეთესო პირობები გვაქვს ჩვენ.

_ „გარედან“ შემოდიან მკითხველები?

_ რათქმა უნდა და ჩვენ ვერავის ვერტყვით უარს, მიუხედავად იმისა რომ ბიბლიოთეკა არის საუწყებო. ჩვენთვის დიდი პატივია ეს და მკითხველისათვისაც დიდი პატივია მოვიდეს ჩვენთან.

_ რას ინატრებდით თქვენი ბიბლიოთეკისათვის?

_ ცხოვრება წარმავალია, არაფერია მუდმივი. ვისურვებდი აქ ისეთი ადამიანები მოვიდნენ, როგორებიც ჩვენ ვართ წიგნის მიმართ. ადამიანი წიგნის გარეშე ვერ იქნება, წიგნი არის უნიკალური ნივთი. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ კომპიუტერში რომელიმე ნაწარმოები, მაგრამ ის ვერ დატოვებს იმ სითბოს რასაც დაგიტოვებთ წიგნი. როცა წიგნს გრძნობთ, თქვენ ხართ რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი…  არ არსებობს ცუდი წიგნი, ყველა წიგნი კარგია!

_ თუ ყოფილა შემთხვევა, როცა კერძო პირმა გაიმეტა თავისი უნიკალური წიგნი და მოიტანა ბიბლიოთეკაში?

_ მასიურად ხდება ეს. იშვიათი წიგნებიდან ცოტა ხნის წინ ჩვენთან მოიტანეს მათემატიკის წიგნი, რომელიც საქართველოს პირობებში პირველად გამოვიდა საუკუნის წინ.

_ და ბოლოს, სასკოლო წიგნებზე რას იტყვით? დღეს ძალიან ბევრი გამოცემაა და მინდა გითხრათ, რომ სასკოლო წიგნების წაკითხვის დროს უკმარისობის გრძნობა მიჩნდება, მეტსაც გეტყვით ასე მგონია ბავშვები ამ წიგნებიდან ვერაფერს ისწავლიან, ვცდები?

_ ჩვენი განათლება მაინც უნიკალური იყო. ეს იყო ავსტრიული მოდელი, რუსების მიერ გადამუშავებული, მსგავსი სისტემა მსოფლიოში სხვაგან არსად იყო. ახლა მიდიან იქითკენ საიდანაც ჩვენ წამოვედით. ძალიან ბევრგან ვამბობ და გავიმეორებ, ჩემი მასწავლებლებიდან ნებისმიერი მათგანი დღეს ნებისმიერი უნივერსიტეტის პროფესორი იქნებოდა. ჩვენ მეათე კლასის ბოლოს ზოგად წარმოდგენებზე მეტი გვქონდა ქიმიაში, ფიზიკაში და ასე შემდეგ. დრეს ახალგაზრდებში რატომღაც ამბიცია წამოვიდა წინ, ისინი ამბობენ რომ მათ არა აქვთ კომპლექსი. თუ კომპლექსი არ გვექნება, ჩვენ უზრდელები ვიქნებით, სამწუხაროდ ეს დრეს არ იციან. ზრდილობა, სიყვარული და ყველაფერი ადამიანური წიგნიდან მოდის. ცოდნას ორი მხარე აქვს – კარგი მასწავლებელი და კარგი მოსწავლე. დააკვირდით რა ხდება? ბევრი მასწავლებელი ან ბევრი სტუდენტი არ ნიშნავს კარგს! ჩემი აზრით ეროვნულობიდან უნდა ამოვიდეთ, კარგია ევროპელობა, მაგრამ მხოლოდ ქართველობის შემდეგ, ჯერ უნდა ვიყოთ ქართველები და შემდეგ ევროპელები!

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშილარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.32-ია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ლევან ღირსიაშვილი მინდია ჯანელიძის მოადგილედ დაინიშნა