ტელეკომპანია “რუსთავი 2” სასამართლოსგან მასალების დაჩქარებულად მიღებას ითხოვს

რადიო

ტელეკომპანია “რუსთავი 2” საქალაქო სასამართლოსგან იმ დოკუმენტების დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს, რის საფუძველზეც მოსამართლემ ტელეკომპანიის ქონება დააყადაღა.
აღნიშნული მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა ოფიციალურად მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, გასაჩივრების ვადა ყადაღასთან დაკავშირებით ტელეკომპანიას 12 აგვისტოს ეწურება. შესაბამისად, იგი ითხოვს იმ მასალების სასამართლოდან გამოთხოვას, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანიის ქონებას და წილებს ყადაღა დაედო.
იურისტი აცხადებს, რომ ტელეკომპანიას ეს მასალები სჭირდება, რათა 12 აგვისტომდე მოამზადოს დასაბუთებული საჩივარი ყადაღასთან დაკავშირებით.
“რუსთავი 2”-ის იურისტმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის მოთხოვნით, სასამართლოს ტელეკომპანიამ ორი დღის წინაც მიმართა, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ შაბათი არასამუშაო დღე იყო, მასალების მიღებაზე უარი ეთქვა. იურისტი საქალაქო სასამართლოში ელოდება გადაწყვეტილებას, მიეცემა თუ არა ტელეკომპანიას ის მასალები, რომლის საფუძველზეც მოსამართლის გადაწყვეტილებით დაყადაღდა “რუსთავი 2”-ის 100%-იანი წილი, ქონება, მათ შორის, ტექნიკა. ასევე ტელეკომპანიას შეეზღუდა საბანკო გარანტიების განხორციელება და ტელეკომპანიის ხელმძღვანელ პირებს უფლება-მოვალეობები შეეზღუდათ.
“რუსთავი 2”-ის საჩივარი ყადაღასთან დაკავშირებით სასამართლოში 12 აგვისტომდე უნდა შევიდეს. ყადაღის გადაწყვეტილებიდან ტელეკომპანიას გასაჩივრების საშუალება 5 დღის ვადაში აქვს.

banner
წინა სტატიაშიზვიად სიჭინავა – მხარს დავუჭერ ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო 250 მილიონ ლარს ანდობს
შემდეგი სტატიაზურაბ ჟვანიას საქმეზე მიხეილ მაჭავარიანის დაკითხვა მიმნდინარეობს