სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის ფუნქციათა დუბლირება ხდება, რაც “არ უნდა დავუშვათ

margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის ფუნქციათა დუბლირება ხდება, რაც “არ უნდა დავუშვათ”.
შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა და მაგალითად ახლად შექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო დაასახელა, რომელიც, ქვეყნის პირველი პირის აზრით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ფუნქციათა ნაწილობრივ დუბლირებას ახდენს.
“მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი. მას კანონმდებლობით ევალება სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა. ამ ერთობ მნიშვნელოვან მისიას ბუნებრივია, ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი. არ უნდა დავუშვათ ფუნქციათა დუბლირება ან გაფანტვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის. მაგალითად, ახლადშექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ფუნქციათა ნაწილობრივ დუბლირებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მოხდეს მისი ქმედებების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაცია.
“რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის მანდატი კანონმდებლობით ზუსტად არ არის განსაზღვრული. ასევე აუცილებელია, რომ მის ქმედებათა სრული ინტეგრაცია მოხდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკაში და სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციის გზით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გარდა ამისა, ქვეყნის პირველმა პირმა პარლამენტის როლზეც ისაუბრა და როგორც განაცხადა, აუცილებელია იმ ქვეყნების ხელისუფლებებთან მეტი თანამშრომლობა, რომლებიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ.
“დღეს, როდესაც დღის წესრიგში დგას ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია, პარლამენტებს შორის კავშირებს და თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში შეუძლია ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება, იგივე შეიძლება ითქვას ნატოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვესაჭიროება მეტი თანამშრომლობა იმ ქვეყნების ხელისუფლებებთან, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურნი არიან საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყველა პოლიტიკური ძალა აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში”, – განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი – ე.წ. ფარულ მოსმენებზე კანონს არც საზოგადოება უჭერს მხარს და არც საერთაშორისო ორგანიზაციები
შემდეგი სტატიასაყდრისის შემთხვევა სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს