სურსათის ეროვნული სააგენტო აკაკი ბობოხიძეს პასუხობს

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ვერ მიიღებს აკაკი ბობოხიძის საყვედურს მწვანილის ექსპორტიორებთან დაკავშირებით, რადგან სააგენტოს წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს ექსპორტიორებთან

“როსსელხოზნადზორთან” მიღწეული შეთანხმების შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მწვანილის ექსპორტიორებთან პერმანენტულ შეხვედრებს მართავს. რუსეთში მწვანილის ექსპორტით დაინტერესებულ პირებს ამჯერად სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია შეხვდა. მან მოისმინა ბიზნესოპერატორთა წინადადებები და ექსპორტის განხორციელებაში მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ მიიღებს აკაკი ბობოხიძის საყვედურს მწვანილის ექსპორტიორებთან დაკავშირებით, რადგან სააგენტოს წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს როგორც თბილისში, ასევე იმერეთის რეგიონში მწვანილის ექსპორტიორებთან; ისინი ინფორმირებულნი არიან იმ მოთხოვნების შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ქართული მწვანილი; იცნობენ ექსპორტისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს. “როსსელხოზნადზორის” წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებენ ფიტოსანიტარიულ პროცედურებს.

სააგენტოს წარმომადგენლებმა წყალტუბოს რაიონში უკვე დაათვალიერეს სათბურები და სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობები, სადაც ხდება ტვირთის საექსპორტო პარტიების ფორმირება. სათბურებში, სადაც მონიტორინგი პერმანენტულად ტარდება, განმეორებით განთავსდა სპეციალური სქესმჭერები, რომელიც აფიქსირებს საკარანტინო მავნებელს. იმერეთის რეგიონულ სამსახურს დამატებით გადაეცა ის ტექნიკური აღჭურვილობა, რაც საჭიროა ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების პროცესისათვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო ექსპორტიორებისათვის დამატებითი ბარიერების მოხსნის მიზნით, შეიმუშავებენ საექსპორტო პროცედურების გამარტივების მექანიზმებს, რის შედეგადაც მწვანილის ექსპორტით დაინტერესებული პირები მნიშვნელოვან შეღავათს იგრძნობენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა
შემდეგი სტატიასოხუმის ,,დინამოს,, ახალი სტადიონი