სტუ – აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია!!

ტუ - აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია!!3 – 5 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის დაბადების 85–ე წლისთავსადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა – 2015 (სკტ–მმ 2015)“, იმ სამეცნიერო კონფერენციების და ფორუმების ტრადიციების გამგრძელებელია, რომლებიც ინჟინერიაში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და სპეციალისტებს საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, მართვისა და მოდელირების, ენერგეტიკისა და საინჟინრო ფიზიკის თანამედროვე მეთოდების ირგვლივ აერთიანებს.

სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში თეორიული და გამოყენებითი კვლევების პერსპექტიულ განვითარებაზე, ასევე ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში მათი პრაქტიკულ დანერგვაზე მსჯელობა. თანამედროვე ინჟინერიისა და შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებისას მკვლევრებს განსაკუთრებით რთული პრობლემების გადასაჭრელად უწევთ ახალი კონცეფციების, იდეებისა და მიდგომების მოძიება. კონფერენცია მიზნად ისახავს არატრადიციული მეთოდებისა და გამოთვლითი მოდელების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ახალი ამოცანების ამოხსნის იდეების და მეთოდოლოგიების შექმნას. საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. საინჟინრო და ტექნოლოგიურ პროგრესთანა რელიგიის ურთიერთკავშირების გამოვლენას. ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში ტექნიკური სისტემების მართვის ახალ პრინციპებსა და მოდელირებაზე, საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკულ დანერგვაზე მსჯელობა იქნება ამ მიმართულებით ახალი იდეების გაჩენის სტიმული. კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

ამონარიდი აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის (1930-2006) ბიოგრაფიიდან: მართვის სისტემების, ინფორმატიკის და გამოთვლითი ტექნიკის დარგის თვალსაჩინო მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), რსფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1981), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი (1985), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. ტრაპეზნიკოვის სახელობის მართვის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი (1985), საბჭოთა კავშირის გენერალური კონსტრუქტორი ატომური ელექტროსადგურების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზებული მართვის სისტემების დარგში (1987), საქრთველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი (1992), საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი (1992), არაერთი საერთაშორისო და უცხოური აკადემიის ნამდვილი წევრი.

ივერი ფრანგიშვილი დაიბადა საქართველოში, დიდ ჯიხაიშში. 1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1955 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის (შემდეგ – მართვის პრობლემების) ინსტიტუტში. 1970 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.

ივერი ფრანგიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: სისტემური მიდგომისა და ზოგადსისტემური კანონზომიერებების თეორიისა და პრინციპების დამუშავება სხვადასხვა ბუნების რთული სისტემის ფუნქციონირებისათვის; მოძრავი ობიექტების ამოცნობისა და აღმოჩენისათვის ახალი (ფონური) პრინციპების დამუშავება; დიდმასშტაბიანი სისტემების და მაღალი რისკის ობიექტების მართვის თეორიის დამუშავება; ახალი კლასის პარალელური და გადაწყობადი მრავალპროცესორიანი მმართველი გამოთვლითი სისტემების თეორიული საფუძვლებისა და პრინციპების დამუშავება.

ივერი ფრანგიშვილის კვლევათა შედეგები წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დარგში რთული სისტემების მართვისათვის. იგი 400–ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 20 მონოგრაფიის, ერთი სამეცნიერო აღმოჩენისა და 40 გამოგონების ავტორია; მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაცულია 30–ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია.

 

 

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული წყალმომარაგებების ყოფილ ხელმძღვანელს მისივე ბუღალტერი უჩივის
შემდეგი სტატიაპაატა სალია: არასდროს გვითქვამს, რომ ვაპირებდით დაუყოვნებლივი აღსრულების დაწყებას