სოზარ სუბარი: საკონსტიტუციო სასამართლოსგან ველოდები,რომ სააკაშვილს დაუბრუნებს ხელისუფლებას

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ის საკონსტიტუციო სასამართლოსგან სხვას არაფერს ელოდება, თუ არა იმას, რომ ხელსიუფლება კვლავ მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნოს.

ამის შესახებ სოზარ სუბარმა საკონსტიტუციოს სასამართლოს იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა დროებით შეჩერდა. სუბარის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

“ველოდები საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგ და ყველაზე ლოგიკურ გადაწყვეტილებას. კარგად მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც პრეზიდენტს ჩამოერთვა უფლებამოსილება და გადაეცა მთავრობას, მოხდა იმის გამო, რომ სააკაშვილმა ამოწურა თავის ორი ვადა და გადაწყვიტა, პრემიერად მოვლენოდა ქვეყანას. დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოსგან სხვას აღარაფერს ველოდები, დაადგინოს, რომ არჩევნებში სხვა გუნდის გამარჯვება იყო არაკონსტიტუციური და სააკაშვილს უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება”, – განაცხადა სუბარმა.

12 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის შესახებ შესაბამისი კანონი პარლამენტმა დაამტკიცა, თუმცა, მას პრეზიდენტი არ ეთანხმებოდა და ვეტო დაადო. მას შემდეგ კი, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი ძალაში შევიდა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა”, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

banner
წინა სტატიაშისოფელ წითელუბნის ტერიტორიაზე ორი მწყემსი დააკავეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლებაც, წინა ხელისუფლებაც და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა გაზპრომთან