სოზარ სუბარი პარლამენტში სიტყვით გამოდის

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი დევნილთა მინისტრს, სოზარ სუბარს უსმენს. მინისტრის მოსმენა კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, კომიტეტების მიერ ცალკეული სამინისტროების ანგარიშების მოსმენა კარგი შესაძლებობაა, რათა ერთის მხრივ მოსახლეობამ გაიგოს, რა კეთდება ამა თუ იმ უწყების მხრიდან, მეორე მხრივ კი პარლამენტმა აჩვენოს, რომ მუდმივად აკვირდება იმ ქმედებებს, რასაც სამინისტროები თავიანთი მიმართულებით ახორციელებენ.
“მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტთან და პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის კარგი სტანდარტი – ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ მოსმენებით, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ანგარიშებით მოდიან პარლამენტში, საუბრობენ რეფორმების თაობაზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს ან დასრულდა. ეს კარგი შესაძლებობაა, რომ ერთი მხრივ ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს, რა კეთდება კარგი სამინისტროების მხრიდან და მეორე მხრივ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით იმ ქმედებებს, რასაც უწყებები თავიანთი მიმართულებით ახორციელებენ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, ადამიანის უფებათა დაცვის კომიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიასთან ერთად, დღეს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანგარიშსაც მოისმენს.
“ჩვენ ამით დღეს პრაქტიკულად დავასრულებთ მთავრობის ანგარიშის განხილვას, რომლის ფორმატი უპრეცედენტოა. მხოლოდ ჩვენმა კომიტეტმა შვიდ სამინისტროს მოუსმინა”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშივის რა ჯანდაბად სჭირდება „რუსთავი 2“?! არჩევნები სამჯერ მოვუგეთ ამ მართლა უნიათოებს”
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე კიდევ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნება