სოზარ სუბარი: მითი, რომ დევნილთა ახალი თაობა წამოვიდა და მათ არ სურთ უკან დაბრუნება, გაქარწყლებულია

მითი, რომ ახალ თაობას არ სურს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნება, გაქარწყლებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა.
აღნიშნული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88,3%-ს სურს, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ადგილას, თუ ამის შესაძლებობა და მათთვის მისაღები პირობები ექნებათ. ამასთან, 2,6% მზად არის, ნებაყოფლობით დაბრუნდეს დღეს არსებული გარემოებების პირობებში, მხოლოდ გამოკითხულთა დაახლოებით 6% აცხადებს, რომ მათ დაბრუნება არ სურთ.
“ეს კვლევა ძალიან დაგვეხმარება, რათა შემდგომი პრიორიტეტები დავსახოთ, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ. კონკრეტულად რამდენიმე ციფრს გავუსვამ ხაზს, თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი – აბსოლუტურ უმრავლესობას დევნილებისა სურს ნებაყოფლობითი დაბრუნება და ასეთია დაახლოებით 91%. 2,5% ბოლომდე არ აქვს გარკვეული, თუ როგორ მოქცევა და მხოლოდ 6% ამბობს, მათ დაბრუნება არ სურთ. ჩავთვალოთ ეს ის 6%-ია, რომელიც დღეს უკეთესად მოეწყო თბილისსა თუ საქართველოს სხვა კუთხეებში. ასე რომ, მრავალჯერ დასმული კითხვა და მითი, რომ ახალი თაობა წამოვიდა და მათ არ სურთ უკან დაბრუნება, ამ კვლევით არის გაქარწყლებული და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი შედეგი კვლევისა, რითიც განსხვავდება წინა კვლევებისგან, ის არის, რომ დევნილთა 57% თავს ინტეგრირებულად თვლის იმ საზოგადოებაშიც, სადაც ახლა ცხოვრობენ.
სოზარ სუბარი ხაზს უსვამს, რომ ინტეგრაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალებში, ვიდრე – მამაკაცებში. მესამე მნიშვნელოვანი ციფრი კი, სოზარ სუბარის თქმით კი, შემდეგია – 57% გამოკითხულთა ამბობს, რომ მათ სურთ, იცხოვრონ იმ ადგილას, სადაც ამ წუთებში ცხოვრობენ და არ სურთ სხვაგან გადასვლა.
“ეს ციფრი ეთანხმება ინტეგრაციის მაჩვენებელს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სწორია ის პოლიტიკა, რაც გვაქვს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით. ჩვენ ვცდილობთ, ადამიანებს იქ დავუკანონოთ სახლი, სადაც ისინი ცხოვრობენ და არა იქ, სადაც ხელისუფლება გადაწყვეტს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა და კლასიკურ მაგალითად, თუ როგორ ახდენდა წინა ხელისუფლება დევნილების გადასახლებას იმ ტერიტორიებზე, სადაც მათ არ სურდათ, ფოცხო-ეწერს ასახელებს.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიარიატის დაკვეთით საქართველოში კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევამ მიზნად დაისახა დევნილებისთვის მიეცათ საშუალება გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები და პოზიცია ნებაყოფლობით დაბრუნებასა და ალტერნატიულ გრძელვადიან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიიგეგმება თუ არა ქვეყანაში ტარიფების მომატება? – “სემეკი”-ს თავმჯდომარე დეპუტატებს პასუხობს
შემდეგი სტატიასაკრებულოს წევრი: –”იობი გოიმი დავიჭირეთ, სასტუმროს გვიშენებს და ამ გამო…..ბულ ხალხს რა უნდა ვერ გავიგეთ“…