„სკოლამდელი ასაკის არც ერთი ბავშვი, რომელიც წელს სკოლაში უნდა შესულიყო, ბაღიდან არ ამოირიცხება“

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცახადებით, წელს სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვები, სასკოლო მზაობის პროგრამას გაივლიან.

როგორც ტალიაშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, დაახლოებით 4 800 ბავშვი სასკოლო მზაობის პროგრამას გადამზადებული მასწავლებლების მეთვალყურეობით გაივლის.

„თუ ბავშვი სკოლაში არ მიდის, არ ნიშნავს, რომ ის ბაღშიც ვერ მიდის. სკოლამდელი ასაკის არც ერთი ბავშვი, რომელიც კანონის ამოქმედებამდე წელს სკოლაში უნდა შესულიყო, ბაღიდან არ ამოირიცხება. დაახლოებით 4800 ბავშვი სასკოლო მზაობის პროგრამებს გაივლის. აღნიშნული პროგრამა თამაშ-თამაშობის ფორმატით საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდებას და ბავშვის სხვადასხვა უნარის განვითარებას ითვალისწინებს. ამ უნარების განვითარება კი ბავშვს საშუალებას აძლევს, პირველ კლასში არ დაიბნეს და იცოდეს, რომ მას კონკრეტული მიზანი აქვს და ის უნდა დაემორჩილოს გარკვეულ დისციპლინას. ყველა მასწავლებელი კი, რომელიც დაკავებული იქნება ამ ბავშვების კატეგორიით, დამატებით 25 საათიან ტრენინგს გადის“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

მისი თქმით, ასევე დაახლოებით 3 ათასი ბავშვი სასკოლო მზაობის პროგრამის გავლას, საჯარო სკოლის შენობაში შეძლებს.

„ჩვენ ასევე მათთვის გათვალისწინებული გვაქვს სპსეციალური პროექტი განათლების სამინისტროსთან ერთად, რაც გულისხმობს სასკოლო მზაობის პროგრამის გავლას საჯარო სკოლის შენობაში. დაახლოებით 3000-მდე ასეთი ადგილი გვექნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ბავშვების გარკვეული რაოდენობა შეიძლება პროგრამის გარეთ დარჩეს და მათ კერძო ბაღში წასვლა მოუწიოთ“, – აღნიშნა ტალიაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ შემუშავდა ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის წესი, რის საფუძველზეც ბავშვების რეგისტრაცია ბარიერების გარეშე ხორციელდება.

„ჩვენ შევიმუშავეთ ბაგა-ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციის წესი და პრიორიტეტული ჯგუფები განვსაზღვრეთ. სტიქიით დაზარალებული, სოციალურად დაუცველი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ასევე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბენეფიციარები და ის ბავშვები, რომლთა და-ძმა ბაღში უკვე დადის რეგისტრირდებიან ყოველგვარი ბარიერის გარეშე“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ამერიკელი კონგრესმენები ამ ინიციატივის სათავეებთან, ჩვენთან ერთად იქნებიან”
შემდეგი სტატიასაქართველო რუსეთისგან კომპენსაციის სახით 70 320 000 ევროს ითხოვს