“სი-თი პარკი” ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას ხელმოწერების გაყალბებაში ადანაშაულებს

კომპანია “სი-თი პარკმა” განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ერთერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მოქალაქეთა ხელმოწერების გაყალბების შესახებ.

„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი მოქალაქეების ხელმოწერების გაყალბების შესახებ. საქმე ეხება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიისთვის გადაცემულ რწმუნებულებებზე დატანილი ხელმოწერების გაყალბებას. როგორც მოქალაქეების განცხადებებიდან ირკვევა, პოლიტიკური პარტიის წამომადგენლები კომპანიის ავტოსადგომთან მძღოლებს სთავაზობდნენ ევაკუაციის და ჯარიმის გასაჩივრებას, ასევე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. თუმცა, მოქალაქების განცხადებით პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელების შეთავაზებაზე უარის თქმის მიუხედავად რწმუნებულებებზე გაყალბებული ხელმოწერები დაიტანეს. ამის შესახებ კი მათთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც საჩივრის ზეპირი მოსმენისთვის ისინი სხდომაზე დაიბარეს. ამასთან, როგორც გაირკვა, პარტია ამ ხელმოწერებს პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებდა და პოლიტიკური აქტივის გაზრდისთვის მათ როგორც პარტიის კორდინატორებს ისე აფიქსირებდა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აღნიშნულია “სი-თი პარკის” განცხადებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციური უფლება მოითხოვოს ჯარიმის, ან ავტომობილის სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანის გასაჩივრება. თუმცა სი-ტი პარკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე იმისათვის, რომ არ გახდნენ პოლიტიკური პოპულიზმისა და პარტიული ინტერესების ნაწილი.

კომპანიის ცნობით, საჯარიმო სადგომზე გადაცემული 10 ლარიანი ჯარიმის გადახდის ვადა არის 30 კალენდარული დღე. შესაბამისად, თუკი ამ ვადაში არ მოხდა ჯარიმის გადახდა, ან არ იქნა მიღებული ჯარიმის გაუქმების გადაწყვეტილება, მოქალაქეს დაეკისრება საურავი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: სასამართლო პროცესები ღიაა არა მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსული ჯგუფებისთვის, არამედ ყველასთვის