“სითი პარკს” და მსგავს კომპანიებს სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლება ეზღუდებათ

კომპანია “სითი პარკს” დგომა-გაჩერების წესების დარღვევით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლება შეეზღუდა.
კომპანიას აღარ ექნება უფლება, მანქანა სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს, თუკი არ ქმნის საავარიო სიტუაციას, არ აფერხებს ფეხით მოსიარულეებს ან არ წარმოშობს საცობს. ყველა სხვა შემთხვევაში, თუკი მანქანა დგომა-გაჩერების წესების დარღვევით დგას, მძღოლი მხოლოდ ადმინისტრაციული წესით – 10 ლარით დაჯარიმდება.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო და 15 ივნისიდან ამოქმედდება.
ცვლილებები, რომლის ავტორი და ინიციატორია დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” აისახა.
კანონში კიდევ ერთი სიახლე შევიდა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებული ხდება, უზრუნველყოს, სადგომაზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის დაუყონებლივი მიღების შესაძლებლობა – ცხელი ხაზის, ან ელექტრონული ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.
“დედაქალაქის და ყველა დიდი ქალაქის მცხოვრებლებს დავპირდი, რომ მათ მანქანებს სპეციალურ სადგომებზე ვეღარ გადაიყვანენ და ვერ მოიტაცებენ მარტო იმ მიზეზით, რომ მძღოლი დგომა-გაჩერების წესებს არღვევს. მძღოლები დგომა-გაჩერების წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით ისედაც ჯარიმდებიან. ხდებოდა მანქანების გატაცება, იმის მიუხედავად წესების დარღვევით გაჩერებული მანქანა ქმნიდა თუ არა საავარიო სიტუაციას, აფერხებდა თუ არა ფეხით მოსიარულეებსა თუ სატრანპორტო მოძრაობას”, -აცხადებს  ზაქარია ქუცნაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ლარის გაუფასურება ალბათ მთავრობის ბრალიც არის