“სითი პარკს” არასწორად პარკირებული მანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლება, შესაძლოა შეეზღუდოს

კომპანია “სითი პარკს” არასწორად პარკირებული ავტომობილების სპეციალურ სადგომზე გადაყვანისას, შესაძლოა “112”-სთვის შეტყობინების ვალდებულება დაეკისროს. გარდა ამისა, კომპანიას მანქანის სადგომზე გადაყვანის უფლება, შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცეს, თუკი დამრღვევი მძღოლი სატრანსპორტო საშუალებაში არ იმყოფება, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს.
ამას “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონის მოქმედი რედაქციით, ამკრძალავი ნიშნის “გაჩერება აკრძალულია”, “დგომა აკრძალულია” მოთხოვნის დაუცველობის და დგომა-გაჩერების წესების დარღვევისას მძღოლის დაჯარიმების გარდა, დასაშვებია მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ან თვლების ბლოკირება. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ სადგომზე გადაყვანას იმ შემთხვევაში დაექვემდებარება, თუკი მძღოლი ადგილზე არ იმყოფება, ხოლო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობას აფერხებს და საავარიო ვითარებას ან საცობს ქმნის. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის შესახებ “112”-ის სამსახურს უნდა ეცნობოს.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თუ ავტომანქანა, რომლის მფლობელიც მასში არ იმყოფება, არ აფერხებს მოძრაობას, არ ქმნის საცობსა და საავარიო სიტუაციას, სპეციალურ ავტოსადგომზე არ უნდა იქნეს გადაყვანილი, რადგან ასეთი გადაყვანით საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა ხდება.
“სიტი პარკს” ავტომობილები სპეციალურ ავტოსადგომზე ფარულად გადაჰყავს, რითაც მოქალაქეებს მორალური და მატერიალური ზიანი ადგებათ. 2007 წლიდან “სითი პარკის” მხრიდან მოქალაქეთა ავტომობილებზე ყაჩაღური ნადირობა მიმდინარეობს. გარდა მორალური და მატერიალური ზიანისა, ავტომობილების სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანა უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ხორციელდება, რის შედეგადაც ხშირია ავტომობილების დაზიანების შემთხვევები. ავტოსადგომზე გადაყვანილი ავტომობილების მფლობელთა მიერ კომპანია “სითი პარკის” წინააღმდეგ სასამართლოში შესული სარჩელებიდან ყველა დაკმაყოფილდა. სასამართლომ კომპანია “სითი პარკის” მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იმ მიზეზით გამოიტანა, რომ “სითი პარკს” სამართალდამრღვევი არასწორი პარკირებისთვის უნდა დაეჯარიმებინა და მისი ავტომობილი ევაკუატორით დაცულ ავტოსადგომზე არ უნდა გადაეყვანა”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ლარის გაუფასურება საქართველოს ეკონომიკის სისუსტის მანიშნებელია
შემდეგი სტატია“ივანიშვილი ნიანგის ცრემლებს ყრის, ვაზაგაშვილის სიკვდილზე პასუხი სწორედ მან უნდა აგოს”