სიბნელევ, საქართველოს ცაზე დაძრულო–საბა მეტრეველი

სიბნელევ, საქართველოს ცაზე დაძრულო

metreveli (1)არ წყდება მსჯელობა კათოლიკოს-პატრიარქის გუშინდელი საკვირაო ქადაგების ირგვლივ. კითხულობ და უსმენ და უნებურად გრიგოლ აბაშიძის სიტყვები გაგახსენდება: „სიბნელევ, საქართველოს ცაზე დაძრულო!“. ძნელია მედიაზირებულ სიმულაკრულ საზოგადოებას მოსთხოვო ლიტურგიული ცნობიერება ან ათეიზმისკენ მიდრეკილ ჩვენი დროის მებრძოლ უღმერთოებს ესაუბრო და შეასმინო რამე. თანამედროვე ინტელექტუალი გოგი გვახარია ფიქრობს, რომ პარტიარქი ხალხს ღმერთით აშინებს. უფრო სამწუხარო ისაა, რომ თავად სასულიერო წოდება (ზოგიერთი მათგანი) ვერ ჩამოყალიბებულა და ელემენტარული საღვთისმეტყველო განათლება არ ჰყოფნის ქრისტიანული მსოფლმხედველობისათვის სრულიად ბუნებრივი და გასაგები შეხედულების სწორად შესაფასებლად. ასე რომ არ იყოს, მოძღვრისგან ასეთი კომენტარი არ გაკეთდებოდა: „მაგრამ ღმერთი მაინც არ მგონია შურისმაძიებელი იყოს“. ჯერ ერთი, არავის უთქვამს, რომ ქრისტემ ჩვენზე იძია შური! თანაც, მსგავსი ერეტიკული//მწვალებლური „სიბრძნე“ კარგადაა ცნობილი ეკლესიის ისტორიაში. იქნებ არც ჯოჯოხეთის არსებობისა სჯერა ვინმეს?! ყოვლადმოწყალე ღმერთი არ დაგვსჯის! ნამდვილად ესაა ზოგიერთ სასულიერო პირთა ნუგეში და ამიტომაც არ იკლებთ ამა სოფლის სიამესა და ფუფუნებას (ჯიპებიდან დაწყებული აიფონებით დამთავრებული), ცხოვრებასაც სათქვენოდ იწყობთ, რადგან სასოება გქონიათ დიდი! „არც ის მგონია, ჩემზე ცოდვილი იყო, ვინც წყალმა წაიღო“ – წერს ერთი მოძღვარი! არც მე მგონია და დარწმუნებული ვარ, არც – პატრიარქს! ოღონდ აქ კონკრეტულად ვიღაცის უცოდველობაზე კი არაა საუბარი, არამედ იმ დიდ ცოდვაზე, უღმერთობის საუკუნეში ეკლესიების ნგრევითა და ღმერთთან ბრძოლით რომ გამოიხატა. ქრისტემ მოვაჭრენი შოლტით გამორეკა ტაძრიდან, სიწმინდე შებღალეთო და, როგორ გვგონია, ეკლესიების ნგრევა-წაბილწვა გაახარებდა?! ან რა არის უცნაური იმაში, რომ ღვთიური განგებულება გვენიშნოს და გვეუწყოს თუნდაც იმით, რასაც პატრიარქი ამბობდა.
ვისთვის არის ახალი, რომ ერი (და, შესაბამისად, ადამიანი) ისჯება საკუთარი ცოდვების გამო?! ახალი ღვთისმეტყველების ქადაგება გინდათ თუ უვიცობას ამკვიდრებთ ჩვეული დემაგოგიით?! ამდენი თეოლოგიური განათლება თუ არ გყოფნით, იქნებ ელემენტარული ლიტერატურული ცოდნა მაინც გამოიჩინოთ და მინიმუმ ეს გაიხსენოთ:
ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ქვემო ქართლში დატრიალებული უბედურება, ვარსქენის გამაზდეანება, იაკობ ხუცესმა ახსნა, როგორც „ცოდვათა ჩვენთა წარმოჩინება“, რომ ვარსქენის ცოდვით დაცემა მხოლოდ მისი ურწმუნოების შედეგი კი არ იყო, არამედ იმ ცოდვებისა, რომლებიც ტვირთად აწვა ქართველობას. ამიტომაც მოგვივლინა ღმერთმა ასეთი სასჯელიო.
ცამეტი საუკუნის შემდეგ დავით გურამიშვილი ქართლის ტრაგედიას (მტერთა თარეში და ქართველთა ერთმანეთზე გადაკიდება – შინაური აშლილობა) ღვთის რისხვად მიიჩნევს: ქართველებმა „ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უზღო ცოდვისა, / ცა რისხვით შუვა განაპის, ქვეყანა შეიძროდისა“.
დათა თუთაშხიას თავისთან დაიბარებს ეფემია წინამძღვარი და მკაცრად ეტყვის: `ადამიანთა ცოდვებს ღვთის რისხვა მოსდევს, აკი არც აკლია განსაცდელი კაცთა მოდგმას, საერთოდ, და საკუთრივ შენი ცოდვების გამოისობით ერს აქ და დღეს~. კიდევ მოგიყვანოთ სხვა მაგალითებიც?! ასე ესმოდათ ღვთის რწმენა და სიყვარული, განსაცდელი და სასჯელიც!
ბიბლიას სჭირდება ეგზეგეტიკა (განმარტება), რომ ადამიანი მიხვდეს ღვთის სასჯელს. სრულიად გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ ვინმეს პატრიარქზე მეტად სტკივა ის, რაც ახლა ხდება. კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება! კათალიკოსის დაცვას არ ვაპირებ და არც ამ საქმისთვის გამოვდგები. მას არ აკლია ამ ქვეყანაში ერთგული თუ მოჩვენებითი ქომაგები. უბრალოდ, ტექსტი ყოველთვის იკითხება კონტექსტში და გასააზრებელია არა ფრაგმენტულად, არამედ არსობრივად. არ გამოვიდეს ისე, რომ მე და თქვენ უფრო შეგვტკივა გული და გვებრალებიან დახოცილები და კათალიკოსი კი ნეტარებს ამ უბედურებით. უხერხულია ასეთი აგრესიული ფანატიზმი!
რა თქმა უნდა, ქრისტე სიყვარულია და ქრისტიანობაც უნივერსალური სიყვარულის რელიგიაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერი და ადამიანი ცოდვების გამო არ დაისჯება და მათ არაფერი მოეკითხებათ! რა ვუყოთ საღვთო წერილს?! ქრისტე მაცხოვარს თავისი მიმდევრებისთვის არც მიწიერი განცხრომა აღუთქვამს და არც ბედნიერება, პირიქით, გვიწინასწარმეტყველა, რომ ჭირი და განსაცდელი გარდაუვალი იქნებოდა: “ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად” (იოანე 16:33), – ეუბნება ის თავის მიმდევრებს; და კიდევ: “თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება” (ლუკა 21:18) ღმრთის ნების გარეშეო.

სიბნელევ, საქართველოს ცაზე დაძრულო
ბატონო გოგი, იქნებ არ გგონიათ, რომ ღმერთი დასჯის ადამიანს, ამიტომაც შეგახსენებთ მათეს სახარების იმ ადგილსაც, როცა იესო „ვაით“ მიმართავს ფარისეველთა და ორგულთ : „გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?… და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად“; ან: ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (მათე 8, 12) – ამას გვპირდება მაცხოვარი.
ახლა მცირე თეოლოგიური ექსკურსიც ჩავატაროთ: დაისმის კითხვა: მოუვლენს თუ არა ღმერთი განსაცდელს ადამიანს ან უკეთ, გამოცდის თუ არა მას? – წმიდა იაკობ მოციქული წერს: `ნუვინ განცდილთაგან იტყÂნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცდები; რამეთუ ღმერთი გამოუცდელ-არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი~ (იაკ. 1, 13). გამოდის, რომ განსაცდელს ღმერთი არ უვლენს ადამიანს, მაგრამ საუფლო ლოცვაში ვკითხულობთ: `მამაო ჩვენო… ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან~… როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ეს ორი მოსაზრება. ნეტარი ავგუსტინე განმარტავს: `თვით ღმერთს კი არ შევყავართ განსაცდელში, არამედ უშვებს იმის გამოცდას, ვისაც თავის შემწეობას აკლებს ფარული ზრახვების თანახმად, რადგან იგი ამას იმსახურებს~.
ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან განსაცდელი და ცდუნება. `გამოგცდით თქუენ უფალი ღმერთი თქუენი, გიყუარდეს თუ თქუენ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა~ (2 სჯული 13, 3).
ადამიანი გამოიცდება, მაგრამ მთავარია, არ დარჩეს ცდუნებული. ეკლესიის მამები ამბობენ, რომ ეშმაკს არა აქვს ძალა, გამოცადოს ადამიანი, ხატი ღვთისა, ხოლო, თუკი ცდის ვინმეს, მხოლოდ უფლის დაშვებით. საინტერესოა წმიდა იოველ წინასწარმეტყველის სიტყვებიც: ის ზარალი, რომელიც ჩემგან მოგადგათ, აგინაზღაურდებათ, რადგან ჩემმა ლაშქარმა მოგაყენათ. `აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ, ჩემმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ~ (იოველი 2, 35).
მართლმადიდებლური სწავლებით, განსაცდელი რომ არა, ადამიანი დაივიწყებდა ღმერთს. ამიტომ იყო, რომ წმიდა მამები ითხოვდნენ ღვთისაგან ამის დაშვებას, რადგან სჯეროდათ, რომ განსაცდელის ჟამს უფალი მათთან იყო და არ იყვნენ დავიწყებულნი მაცხოვრისაგან. მათ ისიც ესმოდათ, რომ, როგორც მშობელი სჯის შვილს სიყვარულით (და არა იმისთვის, რომ საცდურში ჩააგდოს, აცდუნოს), ასევე, უფალიც ზრუნავს, მისთვის შეწირული გაძლიერდეს და განმტკიცდეს რწმენაში, რათა მეტი დააგროვოს. უფალი არ დაუშვებს განსაცდელით ადამიანის ცდუნებას და წარწყმედას, ღმერთი არავის ცდის! ესაა ღვთის უსაზღვრო სიყვარულის შედეგი.
`იღÂძებდით და ილოცევდით, რაÁთა არა შეხვდეთ განსაცდელსა~ (მათე 26- 41), _ ეუბნება მაცხოვარი გეთსიმანიის ბაღში მოწაფეებს. წმიდა კასიანე წერს: `თუ ვითხოვთ, რათა განსაცდელში არა ჩავვარდეთ, როგორ შევძლებთ დავამტკიცოთ ჩვენი სამყაროს სათნოება, რომელსაც წმიდა წერილი ითხოვს ჩვენგან? _ ნეტარ არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა~ (იაკ. 1, 12). მისი აზრით, მთავარი ის კი არაა, არ ვიყოთ გამოცდილნი, არამედ განსაცდელმა არ დაგვამარცხოს.
რაც შეეხება თქვენს განსწავლულობას, რა ბუნებრივი პროცესები განაპირობებნ კატასტროფებს, გასაგებია. პატრიარქი საუბრობდა სხვა მოტივებზე, იმაზე, რაც ქრისტიანული სწავლებაა. შესაძლოა, თქვენი დონის ლიბერალს არც ქრისტეს ეს წინასწარმეტყველება მოეწონოს, მაგრამ მას ვერავინ გაექცევა: „ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს – სალმობათა დასაბამია“ (მათე 24). ასე რომ, სიყვარულის მოტივით თავს ნუ მოიტყუებთ!
არ შეშინდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, ეს მეორედ მოსვლა მხოლოდ ჩემთვის არ მოხდება და თქვენც მოგეკითხებათ (და თანაც ძალიან ბევრი რამ)!!!

საბა მეტრეველი

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ცნობით, არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის ფარგლებს გარეთ არ იმყოფება
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა ჩხოროწყუში