სერგო რატიანი – ხელისუფლებამ თავისუფალ მედიას “რუსთავი 2”-ის სახით ბრძოლა გამოუცხადა

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

“ნაციონალური მოძრაობა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ქონების ნაწილის დაყადაღებას ხელისუფლების მიერ “თავისუფალი მედიისთვის ბრძოლის გამოცხადებად” აფასებს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლას ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი წააგებს.
“ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა თავისუფალ მედიას და თავისუფალ სიტყვას “რუსთავი 2”-ის სახით. ვფიქრობ, ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ისა და ოპოზიციური ძალებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ ამ ბრძოლას ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი წააგებს, ისევე როგორც ამ ტელეკომპანიის მიმართ შევარდნაძის ხელისუფლების შეტევა დამთავრდა 2003 წელს მისი დამარცხებით”, – განაცხადა სერგო რატიანმა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, “რუსთავი 2”-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია.
ტელეკომპანიის ცნობით, კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.
“ბუნებრივია, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი. სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, რადგან ეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა არ არის მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე კი მხოლოდ ქიბარ ხალვაში არ არის და არის ხელისუფლება”, – განაცხადა “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
მან “რუსთავი 2″–ის საქმეს ქართული დემოკრატიის არსებობაში ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს “რუსთავი 2”-ის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილებას, ხელს მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილს.

banner
წინა სტატიაშიახალი ბაზრები უნდა ვიპოვოთ და რუსეთის ბაზართან დაკავშირებით ქართველი მეწარმეები აღარ მოვატყუოთ
შემდეგი სტატია“დედა, რა ძულთ თურმე R2” – ნიკა გვარამიას კრიტიკა ცნობილ ჟურნალისტებს