სენაკში ყოფილ ნაციონალებს, მათივე თანამონაწილეობით ჩადენილი დანაშაულები ფილმად უჩვენეს

დღეს 15 მარტს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრში, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 9 წლიან პერიოდზე მიძღნილი ფილმი უჩვენეს…

ფილმის ჩვენებაზე, საუკეთესო კომუნისტური ტრადიციების შესაბამისად (რომელიც სენაკში დღემდე მოდაშია), რაიონის გამგებლის ინიციატივით, საკრებულოს ,,ოცნების,, დეპუტატებისა და სოფლის რწმუნებულების მიერ ორგანიზებულ-აგიტირებული მასების კოლექტიური დასწრება მოხდა. გეგმით გათვალისწინებული დამსწრე მასების ადგილზე მისაყვანად, აგიტ-ბრიგადების გარდა გამოყოფილი იყო მიკროავტობუსები და საწვავი.

უცნაური კი ის ფაქტი გახლავთ, რომ ფილმის ჩვენებაზე დამსწრეთა უდიდესი უმრავლესობა სააკაშვილის დროს რაიონის გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, სოფლის რწმუნებულები, სკოლის დირექტორები, ნაციონალების მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრები და მათი აქტივისტები იყვნენ. მოკლედ რომ ვქვათ, ეს ის ხალხია, ვისაც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რაიონში ჩადენილ დანაშაულებებში დიდი წვლილი მიუძღვით და იმავე პერიოდში გაკეთებულ რაიმე კარგ საქმეში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ნათქვამია ,,არ არსებობს ცუდი – კარგის გარეშეო,, … კარგი ამ ყველაფერში გახლავთ ის, რომ ,,ოცნებად,, გადაღებილ მედროვე ,,ნაციონალებს,, მათივე თანამონაწილეობით ჩადენილი  დანაშაულები, ფილმად აყურებინეს… იმედია ამ ფილმის ნახვის მერე,  მომავალში მაინც არ ჩაიდენენ დანაშაულს.

ფილმის ჩვენებაზე არ ყოფილან ის ადამიანები, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, წლების მანძილზე სენაკის რაიონში ოპოზიციის ფლაგმანები იყვნენ და ,,ნაციონალურ მოძრაობას,, სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდნენ…  ერთერთი მათგანი, სენაკის საკრებულოს წევრი ინგა ქარდავა ,,თაიმერთან,, აცხადებს, რომ მოსწონს, როგორ აყურებინებენ სენაკის ,,ოცნებაში პორტირებულ ნაციონალებს,, იმ დანაშაულებს რომელსაც თვითონ ჩადიოდნენ… ,,ეს ის ხალხია, ვინც სენაკში სააკაშვილის დროს ოპოზიციას დევნიდა, ვინც ითვისებდა ბიუჯეტის თანხებს, ვინც საარჩევნო კომისიებში იყო და აყალბებდა არჩევნებს… ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს მათი თავი ,,ოცნებას,,! სენაკელებმა მშვენივრად იციან ვინ – ვინ იყო და ვინ – სად იყო! ვის რა გაუკეთებია ამ რაიონისთვის და ვინ რას აკეთებს! უყურონ საკუთარ თავს მაგ კინოში!,, აცხადებს ქარდავა…

ჩვენ არ ვიცით, რაიონებში ადგილობრივ ხელისუფლებებს ამ ფილმის აგიტაცია-პროპაგანდა და ამისთვის სახსრების დახარჯვა ვინ დაავალა… ან რას ისახავდნენ მიზნად… თუ ყოველივე ეს, 21 მარტის მიტინგზე ხალხის არ მისვლას ემსახურება, ხელისუფლებას ეს ძალისხმევა წყალში აქვს ჩაყრილი… რადგან იმ ხალხის უმეტესობა ვისაც ეს ფილმი აყურებინეს, თანამდებობის და კეთილდრეობის დაკარგვის შიშით ისედაც არ მიდიოდა მიტინგზე… ხოლო ვისაც მანდ წასვლა გადაწყვეტილი აქვს, ათჯერ რომ ანახონ ეს ფილმი… მაინც წავა.

ყველა ნორმალური ქართველი, ვინც სააკაშვილის 9 წლიანი მართველობის დროს საქართველოში ცხოვრობდა, მშვენივრად ხვდება იმ ხელისუფლების კარგასც და ავსაც… ბევრმა ქართველმა საკუთარ ტყავზე გამოსცადა ყოველივე… რაც ჯამში 2012 წლის არჩევნების შედეგით დაფიქსირდა. ბევრი პროპაგანდისტული ფილმი გადაუღია სააკაშვილის ხელისუფლებას დამნაშავე და მოღალატე ქართველებზე, თუმცა ამან ვერ გადაფარა ის ნაკლი, რაც იმ ხელისუფლებას გააჩნდა. ვერც დღევანდელი ხელისუფლება გადაფარავს, წინა  ხელისუფლების დანაშაულებებზე გადაღებული ფილმებით, დღეს არსებულ პრობლემებს… ყველამ თავის წილ დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი.

სპეციალურად ,,თაიმერისთვის,, კახაბერ ადამია 

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროპულ ეკონომიკას 5 და 10 წელიწადში ვერ ააშენებ, მსგავსი შეიძლება, ჩვენ 20 წელიწადში გავაკეთოთ