“სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი მიღებულია

“სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი საქართველოს პარლამენტმა პირველივე მოსმენით მიიღო.
კანონის თანახმად შეიქმნება “სახელმწიფო ენის დეპარტამენტი”, რომელიც შექმნის და განსაზღვრავს ქართული ენის განვითარების და მოვლის პოლიტიკას.
კანონი ქართული, მეგრული, სვანური ენების და დიალექტების მოვლას და განვითარებას შეუწყობს ხელს. წლების განმავლობაში შესაბამისი უწყების არ არსებობამ ეს პროცესი ფაქტობრივად მოშალა, აბსოლუტურად ინერციით მიმდინარეობდა სალიტერატურო ენის ნორმების ან ტერმონოლოგიის დამკვიდრება, რამაც ბევრი უცხო სიტყვის შემოსვლა განაპირობა ენაში.

"სახელმწიფო ენის შესახებ" კანონი მიღებულია

საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ

ქართული ენა წარმოადგენს საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და მისი სახელმწიფოებრიობის აუცილებელ პირობას. იგი არის საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო სახელმწიფოებრივი კუთვნილება. სახელმწიფო ყველა თავის ფუნქციას აღასრულებს ამ ენაზე, იცავს მას და გასაზღვრავს მისი როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და განვითარების პოლიტიკას.
საქართველოს სახელმწიფო, ამავე დროს, იცავს და განამტკიცებს ქვეყანაში ენათა და კულტურათა თანაარსებობისა და ჰარმონიული განვითარების საუკუნეთა განმავლობაში ჩამო-ყალიბებულ ტრადიციას; დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერი ენის მიმართ უპატივცემლობის გამოხატვას, საქართველოს მოქალაქის ენობრივი უფლებების შელახვას; აღკვეთს ენობრივი პოლიტიკის კონსტიტუციური პრინციპების საწინააღმდეგო ყოველგვარ ქმედებას.

თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი განამტკიცებს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ადგენს მისი გამოყენებისა და დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს სახელმწიფო და სხვა (არასახელმწიფო) ენების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე და უცხოელებზე.
3. ეს კანონი არ ვრცელდება პირად ურთიერთობებზე.
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ენის შესახებ
1. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ენის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
2. სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 3. კანონში გამოყენებული ცნებები და ტერმინები
ამ კანონში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო ენა – ენა (ენები), რომელსაც ქვეყნის კონსტიტუციით აქვს მინიჭებული ეს სტატუსი და რომელიც, ისტორიული ტრადიციის შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და ქვეყნის მოქალაქეთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ურთიერთობის ძირითად საშუალებას.
ბ) არასახელმწიფო ენა – სახელმწიფო ენის (ენების) გარდა, ნებისმიერი სხვა ენა, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მცხოვრები სხვა პირები პირად ცხოვრებაში თუ საჯაროდ.
გ) ეროვნული უმცირესობის ენა – არასახელმწიფო ენა, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე კომპაქტურად დასახლებული საქართველოს მოქალაქეების მიერ.
დ) სალიტერატურო ენა – სახელმწიფო ენის მწიგნობრული, ნორმირებული სახე, რომელიც ემსახურება ოფიციალურ-საქმიანი ურთიერთობების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, მასობრივი კომუნიკაციის ყველა სფეროს.
ე) სახელმწიფო ენის დეპარტამენტი – საქართველოს მთავრობასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვის, მისი შესწავლისა და პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა და სპეციალურ ტერმინთა დამდგენი და სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმხორციელებელი ორგანო.
ვ) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა – სახელმწიფო ენის განვითარების, მისი ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის ძირითად მიმართულებათა განმსაზღვრელი ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც შეიმუშავებს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
ზ) ტრანსლიტერაცია – ერთი ენის ფონემების (ბგერების) გადმოცემა მეორე ენის დამწერლობის ნიშნებით.
მუხლი 4. სახელმწიფო ენის სტატუსი
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე, აფხაზური.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას.
3. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე.
მუხლი 5. სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები
1. სახელმწიფო ენის დაცვის, მისი ფუნქციონირებისა და განვითარების უმთავრესი გარანტი არის სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და დაცვისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ პირობებს.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის განხორციელებას.
მუხლი 6. სახელმწიფო და სხვა (არასახელმწიფო) ენების გამოყენების გარანტიები
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სათანადო პირობებს სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისთვის.
2. საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციით სახელმწიფო ენაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინფორმაცია დაცულია არასახელმწიფო ენაზე.
3. ყოველი საჯარო მოსამსახურე, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილია სამსახურებრივი ინფორმაციით სახელმწიფო ენაზე.
4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია ფლობდეს სახელმწიფო ენას.
5. საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთათვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დაუფლების შესაძლებლობას.
6. არასახელმწიფო ენების გამოყენება თავისუფალია, თუ ამით არ იზღუდება სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი.
მუხლი 7. განათლების ენა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებას სახელმწიფო ენაზე. არასახელმწიფო და ეროვნულ უმცირესობათა ენებზე განათლების მიღება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული (აფხაზეთის ტერიტორიაზე არააფხაზურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აგრეთვე აფხაზური) ენის სწავლება სავალდებულოა.
3. საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწსებულებები ვალდებული არიან შესაბამის კონტინგენტს შესთავაზონ ქართული (ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე არააფხაზუერნოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აგრეთვე აფხაზური) ენის სპეციალური კურსი.
მუხლი 8. სახელმწიფოს საგარეო ენობრივი პოლიტიკის პრინციპები
საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების) გათვალისწინებით სახელმწიფო ხელს უწყობს:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელმწიფო ენების სწავლებასა და პოპულარიზაციას;
ბ) ქართველოლოგიური და აფხაზოლოგიური კვლევების გაღრმავებას;
გ) სათანადო სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის გავრცელებას, სამეცნიერო ფორუმებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებას.

თავი II
სახელმწიფო ენის გამოყენების სამართლებრივი პრინციპები
მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეების უფლება-მოვალეობანი ენის გამოყენების სფეროში
1. საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებაა სახელმწიფოსაგან მოითხოვოს სახელმწიფო ენის დაცვის, შესწავლისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფა.
2. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა დაამყაროს სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
3. საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც კომპაქტურად ცხოვრობენ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები, სახლმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნებული პირებისათვის თარჯიმნის დახმარებით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობას შესაბამისი უმცირესობის ენაზე.
მუხლი 10. მოქალაქის უფლება, მიიღოს ოფიციალური დოკუმენტები სახელმწიფო ენაზე
საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს და კანონით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მის შესახებ არსებული ოფიციალური დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, გარდა იმ დოკუმენტების ასლებისა, რომლებიც გაიცემა შესაბამისი ორიგინალის ენაზე.

თავი III
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის, საქმისწარმოებისა და სამართალწარმოების ენა
მუხლი 11. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმისწარმოების ენა
1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ოფიციალური საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.
2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შორის ურთიერთობა და მიმოწერა ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.
3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა განცხადებებს, საჩივრებსა და წინადადებებს იღებენ, განიხილავენ და უპასუხებენ სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
4. საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც კომპაქტურად ცხოვრობენ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველოს ორგანოები უფლებამოსილი არიან დაადგინონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი, რაც გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში უმცირესობას მიკუთვნებული პირების მიერ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში უმცირესობის ენაზე შეტანილი განცხადების, საჩივრისა და მათზე გაცემული პასუხის თარგმანს.
მუხლი 12. სამართალშემოქმედებისა და საკანონმდებლო საქმიანობის ენა
1. ნორმატიული აქტები უნდა მომზადდეს და გამოქვეყნდეს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე-აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენაზეც, მაგრამ ასეთ ტექსტს არა აქვს ოფიციალური ძალა.
2. საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც კომპაქტურად ცხოვრობენ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ მათ მიერ მიღებული ნორმატიული აქტების თარგმნას შესაბამისი უმცირესობის ენაზე (მაგრამ ოფიციალური ძალა აქვს მხოლოდ ტექსტის დედანს).
3. საკანონმდებლო წინადადებისა თუ საკანონმდებლო ინიციატივის წესით კანონპროექტის წარდგენა საქართველოს პარლამენტში ხდება ქართულ ენაზე.
მუხლი 13. სამართალწარმოების ენა
საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელიც არ ფლობს სახელმწიფო ენას, მიეჩინება თარჯიმანი.
მუხლი 14. ენის გამოყენება საქართველოს სამხედრო ძალებში
1. საქართველოს სამხედრო და სხვა გასამხედროებულ ძალებში ოფიციალური საქმიანობა ხორციელდება ქართულ ენაზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა თუ შეთანხმებებით დადგენილია განსხვავებული წესები).
2. საქართველოს სამხედრო და სხვა გასამხედროებულ ძალებში სამსახურისა და სამხედრო ბრძანებების ენა არის ქართული.
მუხლი 15. ბეჭდების, შტამპების, შტემპელების და ბლანკების ტექსტების ენა
1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ბეჭდების, შტამპების, შტემპელების, ბლანკების ტექსტები დგება სახელმწიფო ენაზე. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შესაბამისი ტექსტი პარალელურად დაფიქსირდეს ერთ-ერთ არასახელმწიფო ენაზე.

თავი IV
საგარეო ურთიერთობების ენა
მუხლი 16. საგარეო ურთიერთობების ენა
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები ვალდებული არიან საგარეო ურთიერთობებისას გამოიყენონ საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრული უფლებები სახელმწიფო ენების სფეროში.

თავი V
არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტისა და ოფიციალურ ღონისძიებათა ენა
მუხლი 17. არჩევნების ენა
არჩევნების პროცესში კანდიდატთა რეგისტრაცია, სათანადო დოკუმენტაციის შედგენა და საარჩევნო პროცედურები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს ოგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი შემთხვევებისა.
მუხლი 18. რეფერენდუმისა და პლებისციტის ენა
1. საქართველოში რეფერენდუმი და პლებისციტი მზადდება და ტარდება სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი შემთხვევებისა.
2. სახელმწიფო ენაზე ფორმდება რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩასატარებელი ბიულეტენები და რეფერენდუმის, პლებისციტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი შემთხვევებისა.
მუხლი 19. კონკურსებისა და ატესტაციების ენა
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში „საჯარო სამსახურის შესახებ“კანონით გათვალისწინებული კონკურსები და ატესტაციები ტარდება და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ფორმდება სახელმწიფო ენაზე.
მუხლი 20. ოფიციალურ ღონისძიებათა ენა
1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების ოფიციალური ღონისძიებები ტარდება სახელმწიფო ენაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ღონისძიებაზე გამომსვლელის მიერ არასახელმწიფო ენის გამოყენების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს თარგმანი სახელმწიფო ენაზე.
2. საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც კომპაქტურად ცხოვრობენ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები, ადგილობრივი მნიშვნელობის ოფიციალური ღონისძიებება შეიძლება ჩატარდეს შესაბამისი ეროვნული უმცირესობის ენაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ორგანიზებულ საერთაშორისო ხასიათის ოფიციალურ ღონისძიებებზე.

თავი VI
საკუთარ სახელთა და სახელწოდებათა ენა
მუხლი 21. გეოგრაფიული ობიექტების სახელდება
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონით ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“.
მუხლი 22. სახელის, მამის სახელისა და გვარის დაწერილობა
1. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სახელის, მამის სახელისა და გვარის ოფიციალური რეგისტრაცია ხდება სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელი, მამის სახელი და გვარი სახელმწიფო ენიდან სხვა ენაზე და სხვა ენიდან სახელმწიფო ენაზე გადმოიცემა შესაბამისი სალიტერატურო ენის ნორმებით დადგენილი ტრანსლიტერაციის წესების დაცვით.
მუხლი 23. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციის სახელწოდების ენა
1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური სახელწოდებები იქმნება და გამოიყენება სახელმწიფო ენაზე. ეს სახელწოდებები, სახელმწიფო ენასთან ერთად, შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთ არასახელმწიფო ენაზე. საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც კომპაქტურად ცხოვრობენ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები, აგრეთვე – შესაბამისი უმცირესობის ენაზე.
2. დაწესებულებისა და ორგანიზაციის სახელწოდება სახელმწიფო რეესტრში შეიტანება სახელმწიფო ენაზე.
3. კერძო სამართლის იურიდიული პირების სახელდება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით განსაზღვრულ სახელწოდებათა შეუსაბამობა მითითებულ ნორმებთან უნდა გასწორდეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის რეკომენდაციის შესაბამისად.

თავი VII
საჯარო ინფორმირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ენა
მუხლი 24. საჯარო ინფორმირების ენა
საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამისა და სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტები სრულდება სახელმწიფო ენაზე. შესაბამისი ინფორმაცია შესაძლებელია ასევე ფიქსირებულ იყოს არასახელმწიფო ენაზე. ხოლო საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც კომპაქტურად ცხოვრობენ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები, აგრეთვე – შესაბამისი უმცირესობის ენაზე.
მუხლი 25. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილ წარწერათა განლაგება
1. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილ წარწერათა წარმოდგენა სახელმწიფო ენაზე სავალდებულოა.
2. ამ წარწერათა არასახელმწიფო ენაზე (მათ შორის, უმცირესობის ენაზე) წარმოდგენის წესებს შეიმუშავებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
3. ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალურ სახელწოდებათა სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით).
4. ოფიციალურ სახელწოდებათა ქართულ, აფხაზურ და არასახელმწიფო ენებზე გად-მოცემისას ქართული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), აფხაზური ტექსტი – ცენტრში, ხოლო არასახელმწიფოენოვანი ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით).
5. ყველა სახვა შემთხვევაში სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება სხვა ენაზე შესრულებული ტექსტის წინ (მარცხნივ ან ზემოთ).
6. არასახელმწიფოენოვანი ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტს.
მუხლი 26. საცნობარო მასალების ენა
1. იურიდიული და/ან ფიზიკური პირის მიერ საქართველოში გასავრცელებლად გამოცემული საცნობარო მასალები, როგორც წესი, ქვეყნდება სახელმწიფო ენაზე.
2. არასახელმწიფოენოვან საცნობარო მასალებს თან უნდა ახლდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებული თარგმანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გათვალისწინებულია მხოლოდ არასახელმწიფოენოვანი მომხმარებლისათვის.
მუხლი 27. მაუწყებლობის ენა
მაუწყებლობის ენასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონით ,,მაუწყებლობის შესახებ“.
მუხლი 28. რეკლამის ენა
რეკლამის ენასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონით ,,რეკლამის შესახებ“.

თავი VIII
სახელმწიფო ენის გამოყენება სხვა სფეროებში
მუხლი 29. მომხმარებლის უფლება – მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე
1. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომსახურებაზე უარის თქმის მოტივად.
მუხლი 30. ენის გამოყენება მეცნიერების სფეროში
1. ქართულენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო (სამეცნიერო) დაწესებულებებში აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის წარდგენა და საჯარო დაცვა ხდება სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. სახელმწიფო სამეცნიერო დაწესებულებებში მეცნერული კვლევების შედეგები, როგორც წესი, ფორმდება და ვრცელდება სახელმწიფო ენაზე.
3. საქართველოს ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევის შედეგების არასახელმწიფო ენაზე გამოქვეყნების შემთხვევაში მას უნდა ახლდეს რეზიუმე სახელმწიფო ენაზე.
4. ტექნიკურ დოკუმენტაციასა და საქმისწარმოებაში გამოიყენება ერთიანი ტერმინოლოგია. ტერმინოლოგიის დადგენისა და გამოყენების ნორმებს განსაზღვრავს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია.
მუხლი 31. ენის გამოყენება ინფორმატიკის სფეროში
1. სახელმწიფო ხელს უწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიებში ქართული ენის სრულფასოვან გამოყენებას.
2. კომპიუტერული (ელექტრონული) ტექნიკა, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, უნდა უზრუნველყოფდეს ტექსტის შესრულებას სახელმწიფო ენაზე.
მუხლი 32. ენის გამოყენება კულტურის სფეროში
სახელმწიფო ენის განვითარებისა და სრულფასოვანი ფუნქციონირების მიზნით სახელმწიფო ხელს უწყობს:
ა) სხვა ენებზე არსებული მხატვრული, სამეცნიერო, პოლიტიკური და სხვა სახის ლიტერატურის თარგმნასა და გამოცემას სახელმწიფო ენაზე.
ბ) აუდიოვიზუალური ნაწარმოებების თარგმნასა და საჯარო გადაცემას სახელმწიფო ენაზე.

თავი IX
სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებული მოთხოვნები
მუხლი 33. სახელმწიფო ენის ცოდნის მოთხოვნებთან პირის შესაბამისობა
1. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებთან პირის შესაბამისობა დასტურდება:
ა) სახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დოკუმენტით;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დოკუმენტით;
გ) სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარების დოკუმენტით (სერტიფიკატით).
მუხლი 34. სახელმწიფო ენის გამოცდა
1. სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესს ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
2. სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
3.გამოცდის შედეგის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის დოკუმენტს (სერტიფიკატს) გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

თავი X
სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლი და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენცია ამ სფეროში
მუხლი 35. სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლი
სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ:
ა) საქართველოს პარლამენტი;
ბ) საქართველოს მთავრობა;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები;
გ) სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
მუხლი 36. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
1. სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში, მის პოპულარიზაციას, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დანერგვას უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
2. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
5. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
6. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას სახელმწიფო ენის დაცვის, განვითარებისა და გამოყენების სფეროში;
ბ) შეიმუშავებს და გამოსცემს სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისათვის აუცილებელ ნორმატიულ აქტებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებაზე;
დ) ქმნის სახელმწიფო ენის ექსპერთა კომისიას და მის მიერ შემუშავებულ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებსა და ტერმინოლოგიურ სტანდარტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ე) შეიმუშავებს სახემწიფო ენის ერთიან პროგრამას და კოორდინაციას უწევს მის შესრულებას;
ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აძლევს რეკომენდაციებს ენის გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად;
ზ) ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ენობრივი ნორმების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს სახელმწიფო ორგანოებს დამრღვევი პირის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
თ) ახორციელებს საინფორმაციო და მეთოდური უზრუნველყოფის ღონისძიებებს სახელმწიფო ენის სფეროში;
ი) ახორციელებს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
8. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარდგინებით მთავრობის მიერ დამტკიცებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვა სავალდებულოა.
9. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანოებიდან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან და ინდივიდუალური საწარმოებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია ამ კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოებისა და პირთა მიერ დეპარტამენტისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. გამოთხოვილი ინფორმაცია დეპარტამენტს უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 37. სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა
1. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო ენის განვითარების ერთიან პროგრამას.
2. სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები.
3. სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა ითვალისწინებს:

ა) სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა ინტერესების მაქსიმალურ უზრუნველყოფას; მეთოდური და სასწავლო რესურსების მომზადებას სახელმწიფო ენის სწავლებისა და ენობრივი კულტურის ამაღლების მიზნით; სახელმწიფო ენის სწავლების დაყენებას თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე; ბილინგვური სწავლების დანერგვას ენობრივ უმცირესობათა ჯგუფებში.

ბ) სახელმწიფო ენის სტრუქტურისა და ისტორიის, მისი ფუნქციონირების თავისებურებათა თანმიმდევრულ კვლევას; თანამედროვე ქართულის ერთიან ლექსიკოგრაფიულ უზრუნველყოფას; სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების სრული კორპუსის მომზადებას.

გ) სახელმწიფო ენის სრულ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას; ენობრივი მონაცემების (ტექსტების) თანამედროვე სრულყოფილი ციფრული ბაზების შექმნას; საძიებო, ანალიზურ-ოპერატიული და მთარგმნელი კომპიუტერული პროგრამების მომზადებას.

4. სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის დაფინანსებას უზრუნვეყოფს სახელმწიფო ბიუჯეტი.
5. სახელმწიფო ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას სახელმწიფო ენის პროგრამის განხორციელების მიზნით.

თავი XI
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 38. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
1. სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პირი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 39. სახელმწიფო ენის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებელი პირები
1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მოქმედი კანონმდებლობით, ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა მათდამი დაქვემდებარებული სფეროს ფარგლებში სახელმწიფო ენის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის.
2. მომსახურების სფეროს დაწესებულებები (ორგანიზაციები), კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებული არიან აანაზღაურონ მომსახურების სფეროს შესაბამისი თანამდებობის პირის ან რიგითი მუშაკის მიერ სახელმწიფოსათვის ან ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანი
თავი XII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 40. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცება და განისაზღვროს ამ სამსახურის ქონების ფორმირების წესი;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან
შეთანხმებით 2016 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესის დადგენა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას ამ კანონიდან გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების ასახვა.
მუხლი 41. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა 33-ე, 34-ე, 35-ე და 36-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ კანონის 33-ე, 34-ე, 35-ე და 36-ე მუხლები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი

განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე ,,სახელმწიფო ენის შესახებ“

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროქტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სატატუსის (აფხაზეთში – აგრეთვე, აფხაზური ენის სტატუსის) უზრუნველყოფა, მისი ფუნქციონირების, დაცვისა და გამოყენების მექანიზმების სრულყოფა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული ენის (აფხაზეთში – აგრეთვე, აფხაზური ენის) სახელმწიფო სტატუსის განმტკიცება და სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მის გამოყენებაზე, დაცვაზე, განვითარებაზე, შესწავლასა და პოპულარიზაციაზე განუხრელი ზრუნვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სახელმწიფო ენის ცნება გულისხმობს ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის უზრუნველყოფას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, და ქართულთან ერთად, აფხაზური ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის უზრუნველყოფას აფხაზეთის ტერიტორიაზე.
,,სახელმწიფო ენის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა სრულად იზიარებს და ემყარება იმ ძირითად პოსტულატებს, რომლებიც ამ თვალსაზრისით ევროგაერთიანების ფუძემდებლურ დოკუმენტებშია გამოხატული. იგი ითვალისწინებს იმ ნაირგვარ გამოცდილებას, რაც სხვადასხვა ქვეყნების ანალოგიურ საკანონმდებლო აქტებში არის ფიქსირებული; ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური დოკუმენტია ამ ხასიათის იურიდიულ აქტებს შორის.
საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებისას არსებითად იყო გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტში 2002 წელს განსახილველად წარდგენილი კანონპროექტი ,,სახელმწიფო ენის შესახებ,“ რომელზედაც არსებობდა ყველა აუცილებელი ოფიციალური სტრუქტურის დასკვნა, მათ შორის – ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის როლფ ეკეუსისა.
წარმოდგენილი კანონპროექტი ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ ამზადებს სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოს ყოველი მოქალაქის სამოქალაქო უფლებათა სრული და თანასწორი რეალიზაციისათვის, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.
კანონპროექტი ადგენს, რომ:
. სახელმწიფო ენაზე სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლების მიღება არის საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება;
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა, ხოლო არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან შესაბამის კონტინგენტს შესთავაზონ სახელმწიფო ენის შესწავლის სპეციალური კურსი;
. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ოფიციალური საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე;
. სამართალწარმოებისა და საკანონმდებლო საქმიანობის ენაა სახელმწიფო ენა;
. საქართველოს სამხედრო და გასამხედროებულ ძალებში ოფიციალური საქმიანობა ხორციელდება ქართულ ენაზე;
. რეფერენდუმის, პლებისციტის და სხვა ოფიციალურ ღონისძიებათა ენა არის სახელმწიფო ენა;
. კონკურსებისა და ატესტაციების ენა არის სახელმწიფო ენა;
. აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის წარდგენა და დაცვა ხდება სახელმწიფო ენაზე;
კანონპროექტი სახელმწიფოს ავალდებულებს რომ:
. შექმნას სათანადო პირობები, სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისათვის;
. მუდმივად იზრუნოს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე;
. ხელი შეუწყოს ქართველოლოგიურ და აფხაზოლოგიურ კვლევებს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყოველი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია ფლობდეს სახელმწიფო ენას. კანონპროექტის მიხედვით, ამ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა დასტურდება:
ა) სახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დოკუმენტით;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დოკუმენტით;
გ) სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარების დოკუმენტით (სერტიფიკატით).
კანონპროექტი ითვალიწინებს საქართველოს მთავრობასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის – შექმნას. ეს დეპარტამენტი მოიაზრება როგორც ინსტიტუცია, რომელსაც დაეკისრება სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, ენის განვითარებასა და შესწავლაზე ზრუნვა.
დეპარტამენტში იფუნქციონირებს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია, რომელიც შეიმუშავებს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს და ტერმინოლოგიურ სტანდარტებს. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ენის ექსპერტთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო ენის განვითარების ერთიან პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს:
ა) სახელმწიფო ენის სტრუქტურისა და ისტორიის, მისი ფუნქციონირების თავისებურებათა თანმიმდევრულ კვლევას; თანამედროვე ქართულის ერთიან ლექსიკოგრაფიულ უზრუნველყოფას; სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების სრული კორპუსის მომზადებას.

ბ) სახელმწიფო ენის სრულ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას; ენობრივი მონაცემების (ტექსტების) თანამედროვე სრულყოფილი ციფრული ბაზების შექმნას; საძიებო, ანალიზურ-ოპერატიული და მთარგმნელი კომპიუტერული პროგრამების მომზადებას.

საუკუნეების მანძილზე საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანთა სამოქალაქო თანაცხოვრების, ეთნიკური, ენობრივი, კონფესიური ტოლერანტობის უნიკალური მოდელი. მაგალითად, ბევრი განვითარებული ქვეყნისაგან განსხვავებით, მე-19 საუკუნიდან დაწყებული დღემდე საქართველოში ეროვნულ უმცირესობებს აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და კულტურული ინტერესების თავისუფლად გამოხატვის საშუალება (საქართველოში ფუნქციონირებს აზერბაიჯანული, რუსული და სომხური ზოგადსაგანმანათლებლო სახელმწიფო სკოლები). წარმოდგენილი კანონპროექტი სრულად ითვალისწინებს ამ პოზიტიურ გამოცდილებას.

კანონპროექტის ძირითადი ინტენცია ის არის, რომ არ გაუარესდეს ენობრივ უმცირესობათა კულტურული თვითგამოხატვის ის მდგომარეობა, რომელიც ტრადიციულად ჩამოყალიბდა, მაგრამ, ამავე დროს, დაიძლიოს მათი იზოლაცია საერთო სახელმწიფო ცხოვრებისაგან. ამ ვითარებიდან გამოსავალი კი მხოლოდ სახელმწიფო ენასთან წვდომის გზაა.
კანონპროექტი მიზნად არ ისახავს ენობრივი პოლიტიკის გამკაცრებას, უფრო მეტიც, რიგი ევროპული ქვეყნების საკანონმდებლო აქტებისაგან განსხვავებით, იგი არ ითხოვს, რომ:
ა) ქვეყნის ყოველი მოქალაქე ფლობდეს სახელმწიფო ენას;
ბ) ყოველი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება იყოს მხოლოდ სახელმწიფოენოვანი;
გ) არსებობდეს ენის პოლიცია და ა.შ.
ეროვნული უმცირესობის იმ წარმომადგენლისათვის, რომლსაც აქვს საჯარო სამსახურში შესვლის სურვილი, სახელმწიფო ენის ცოდნის მოთხოვნა მაქსიმალურადაა შერბილებული. იგი არ გაივლის რაიმე შემოწმებას და არ აბარებს სახელმწიფო ენის გამოცდას, თუ დამთავრებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სახელმწიფოენოვანი ან არასახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
კანონპროექტი ადგენს გარანტიებს იმისა, რომ:
. საქართველოს მუნიციპალიტეტებში კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა შესაბამისი უმცირესობის ენაზე დაამყარონ ურთიერთობები სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან და ამავე ენაზე ჩაატარონ ადგილობრივი მნიშვნელობის ოფიციალური ღონისძიებები (მუხ: 9, 11, 13, 20).
. საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური სახელწოდებები სახელმწიფო ენასთან ერთად გამოყენებულ იქნეს შესაბამისი უმცირესობის ენაზე (მუხ. 23).
. საქართველოს მუნიციპალიტეტებში კომპაქტურად დასახლებულ ეროვნულ უმცირესობებს საჯარო ინფორმაცია, სახელმწიფო ენასთან ერთად, აგრეთვე მიეწოდოს შესაბამისი უმცირესობის ენაზე (მუხ. 24).
პროექტის თანახმად, მაუწყებლობისა და რეკლამის ენასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ,,მაუწყებლობის შესახებ“ და ,,რეკლამის შესახებ“ კანონებით (მუხ. 27, 28). აღნიშნული კანონები არ შეიცავენ რაიმე ისეთ რეგულაციას, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნეს როგორც ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შეზღუდვა.
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის დარღვევისათვის სანქციებს, კერძოდ, ფულადი ჯარიმების დაწესებას. სახელმწიფო ენის დეპარტამენტს, ბევრი ევროპული ქვეყნის ანალოგიური ორგანოსაგან განსხვავებით, არ გააჩნია სადამსჯელო ფუნქციები. ის უფლებამოსილია მხოლოდ სათანადო რეკომენდაციებით მიმართოს სახელმწიფო ორგანოებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის – შექმნა, რაც გამოიწვევს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 (ერთი) მილიონი ლარის გამოყოფას, საიდანაც 650 (ექვსას ორმოცდაათი) ათასი ლარი გათვალისწინებული იქნება დეპარტამენტის თანამშრომელთა ხელფასებისა და კანონით დადგენილი პროგრამების განხორციელებისათვის. 200 (ორასი) ათასი ლარი – კომუნალური და მიმდინარე ხარჯებისათვის, ხოლო 150 (ას ორმოცდათი) ათასი ლარი გათვალისწინებული იქნება ინვენტარისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად (ეს უკანასკნელი ხარჯი ერთჯერადია და მომდევნო წელს იგი საჭირო აღარ იქნება). კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ენის დეპარტამენტში იმუშავებს 50-მდე თანამშრომელი, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრებისა და ტექნიკური პერსონალის ჩათვლით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გამოიწვევს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. აღნიშნული ცვლილება დაკავშირებული იქნება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნასთან, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს ერთი მილიონი ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადისა და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში:
საკანონმდებლო წინადადებისა და კანონპროექტის მომზადების პროცესში ავტორები და კომიტეტი კონსულტაციებს გადიოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სპეციალურ ჯგუფებთან, მწერლებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციების მოსაზრებები გათვალიწინებულ იქნა კომიტეტის მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან: აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, აკადემიკოსი მზექალა შანიძე, აკადემიკოსი გუჩა კვარაცხელია, აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვაჟა შენგელია, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ავთანდილ არაბული და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლევან ღვინჯილია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი.

banner
წინა სტატიაშიზვიად სიჭინავა სუპერ თასის ბილეთების გაყიდვაზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიამექსიკელი ნარკობარონი N1 მეორედ გაიქცა ციხიდან