სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო სექსტრეფიკინგის წყაროდ სახელდება

“საქართველო არის ქალებისა და გოგონების სექსტრეფიკინგის, ხოლო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი შრომის წყარო, ტრანზიტული და დესტინაციის ქვეყანა”, – ამის შესახებ, ტრეფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქალები და გოგონები როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, ჩინეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში სექს-ტრეფიკინგის ობიექტები ხდებიან. ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანელი და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ქალები საქართველოში კომერციული სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან ბათუმის და გონიოს ტერიტორიებზე.
“ექსპერტების მონაცემებით, ქალები სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი საუნებში, სტრიპტიზ-კლუბებში, კაზინოებსა და სასტუმროებში ხდებიან. ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობა ახალგაზრდა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალები არიან, რომლებიც სამსახურს ეძებენ. ქართველი მამაკაცები და ქალები კი იძულებით შრომის მსხვერპლი არიან საქართველოში, ასევე თურქეთში, ერაყში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში”, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შრომითი ექსპლუატაცია ხდება საქართველოში სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და შიდა სერვისების სფეროში. ამას გარდა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება არ გახდა შესაძლებელი.
“საქართველოს მთავრობა სრულად ვერ ასრულებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს. თუმცა, იგი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამისთვის. გამოძიებები, გასამართლებები და მსჯავრის დადების შემთხვევები გაიზარდა. პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას შრომის ინსპექციის შექმნის შესახებ იძულებითი შრომასთან დაკავშირებული პრევენციული ზომების გაძლიერების მიზნით”, – აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეიმუშავა სტრატეგია ქუჩაში მათხოვრობის წინააღმდეგ სისტემატიური ბრძოლის შესახებ, პოლიციამ კი უარი თქვა იძულებითი მათხოვრობის რამდენიმე შემთხვევის გამოძიებაზე.
დოკუმენტი რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომლის მიხედვითაც საქართველოში უნდა გაიზარდოს სამართალდამცველების საგამოძიებო უნარ-ჩვევები, ასევე უნდა გაიზარდოს მცდელობა ტრეფიკინგში ჩართული ეჭვმიტანილების საქმეების გამოძიებისა და მათი გასამართლების მიზნით და უნდა გაგრძელდეს ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიები.

banner
წინა სტატიაში“ნაცმოძრაობის” ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 128,000 ადამიანით შეამცირა
შემდეგი სტატიაბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგანგებო შეხვედრა გაიმართება