სახალხო დამცველმა სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვისთვის მთავრობას მიმართა

სახალხო დამცველმა სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ხელშეუხებლობისგან ბავშვთა დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ მთავრობას მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2014–2015 წლების განმავლობაში მკვეთრად გახშირდა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები. სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზიდან იკვეთება, რომ არასათანადოდ ხორციელდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, მათი საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაცია და რეფერირების პროცედურა. ხშირ შემთხვევებში ჭიანურდება გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა და ვერ ხდება პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ამასთან, არასათანადოდ ხორციელდება ევროპის საბჭოს კონვენცია “სექსუალური ექსპლოატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ”, რომლის შესრულებაზეც სახელმწიფომ პასუხისმგებლობა 2014 წლიდან აიღო.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის აუცილებელი პირობაა შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის პრაქტიკული იმპლემენტაცია, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ სპეციალური სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს. სამოქმედო გეგმაში, საკითხის მნიშვნელობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, უნდა გაიწეროს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრა/პრევენციისათვის საჭირო ქმედებები და განხორციელების ინსტრუმენტები, “სექსუალური ექსპლოატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციის პრაქტიკაში აქტიური დანერგვისათვის საჭირო ქვეპროგრამები და განხორციელდეს აღნიშნული დოკუმენტით დადგენილი პრინციპების სისტემური იმპლემენტაცია; მოხდეს პროფესიონალთა გადამზადება, რათა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე უზრუნველყოფილ იქნეს დროული და ეფექტიანი გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა; ჩამოყალიბდეს კონკრეტული სისტემა სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული ბენეფიციარების საგანმანათლებლო პროცესში რეინტეგრაციისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

banner
წინა სტატიაში,,მე ვარ პროკურორი და ჩემთვის არ არსებობს უხერხული თემები”
შემდეგი სტატიასურსათის სააგენტოს კვლევით, საქართველოში გენმოდიფიცირებული სურსათი არ გამოვლენილა