სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითსაქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს 15 მარტს ზუგდიდში მომხდარ სამწუხარო ინციდენტთან დაკავშირებით.

მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ აქცია გამართეს, სადაც 21 მარტს დაგეგმილ აქციას აპროტესტებდნენ. სხვადასხვა ტელეარხებით გავრცელებული ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალის გამოყენებით შეიჭრა ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ოფისში; ასევე, ადგილი ჰქონდა ხელკეტებისა და ქვების გამოყენებას. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 10–მდე ადამიანი, დაზიანდა შენობის შესასვლელი კარები, ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები.

ინციდენტის დროს განვითარებული მოვლენების შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამართალდამცავთა როლს. კერძოდ, რამდენად გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება განვითარებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციის მიზნით. მედია საშუალებებით გავრცელებულ ვიდეო კადრებში აშკარაა, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავთა საგრძნობი ნაკლებობაა, ხოლო, ის რამდენიმე პოლიციელი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ვერ უზრუნველყოფდა მოძალადეთა შეკავებას და ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას.

როგორც ცნობილია, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა, გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების მიხედვით, შესაძლოა სახეზე იყოს სს კოდექსით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულების ჩადენა, როგორიცაა ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა ძალადობით, ჯგუფურად, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას (160-ე მუხლის მე–3 ნაწილი) და ნივთის დაზიანება ან განადგურება (187–ე მუხლი).

მნიშვნელოვანია გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტურად, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე და კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა დამნაშავე პირს. გამოძიებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, თუ რამ შეუშალა ხელი აქციის მიმდინარეობისას სამართლდამცავთა მობილიზებას იმისათვის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფიზიკური ძალადობა არ მომხდარიყო. შეკრების/მანიფესტაციის უფლების ეფექტურად რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება, რათა მსგავს ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი.

ინციდენტის დღესვე, მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციასა და ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ასევე უნდა გახდეს შესწავლის საგანი, რადგან ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, აშკარაა, რომ მნიშვნელოვნად დაზარალდება საჯარო სამსახურის ერთ–ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც მის პოლიტიკურ ნეიტრალობას გულისხმობს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა და ნუ ჩაებმებიან ისეთ ქმედებებში, რომლებიც მათ მიუკერძოებელ საქმიანობას დააყენებს ეჭვის ქვეშ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო მოხელის რანგში ყოველდღიურად უწევთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეებთან ურთიერთობა და მათთვის უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი მომსახურების გაწევა.

რამდენიმე დღის წინ, ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის საქმეში სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა პოლიტიკური პარტიების განსაკუთრებულ როლსა და პასუხისმგებლობას მათი აქტივისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა განუმარტონ თავიანთ აქტივისტებს შეკრების თავისუფლების ფარგლები, აღნიშნულის ხელყოფის სამართლებრივი შედეგები და შეძლებისდაგვარად, უზრუნველყონ ძალადობრივი ქმედებების თავიდან აცილება, ხოლო, მსგავსი პრეცედენტების შემთხვევაში ადეკვატური შეფასება მისცენ მათივე მხარდამჭერების მიერ ჩადენილ ქმედებებს და არ ეცადონ მათ გამართლებას.

სახალხო დამცველი აგრძელებს აღნიშნული ფაქტების შესწავლას. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობას 15 მარტს ზუგდიდში მიმდინარე აქციის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების დროულად და ეფექტურად გამოძიების მიზნით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება 21 მარტს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი მიმდინარეობისას რაიმე ინციდენტს ადგილი არ ექნება, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მობილიზებული იქნებიან სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების განუხრელად დასაცავად.

banner
წინა სტატიაშიფონდი “ქართუ” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიატიკრიტში სადამ ჰუსეინის ნეშტი გადამალეს