სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ ომბუდსმენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის 17 ივლისის რეკომენდაცია მოქალაქე გ.გ.–ს მ იმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების კანონიერებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
საქართველოს სახალხო დამცველის აღნიშნული რეკომენდაციის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებ გვერდზე მიმდინარე წლის 3 აგვისტოს განთავსდა (იხ. სახალხო დამცველმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს რეკომენდაციით მიმართა).
მათივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა არ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მიდგომა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლის საკითხთან დაკავშირებით. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ იმგვარი შემზღუდველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისას, როგორიც არის მოქალაქისთვის მართვის უფლების ჩამორთმევა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან ერთად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული პრინციპებითა და ადმინისტრაციულ ორგანოთათვის დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ჩაბარებისა და აღსრულების ფორმალური საერთო წესით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ადამიანის უფლებათა მაქსიმალური დაცვა.
როგორც აპარატში აცხადებენ, საქართველოს სახალხო დამცველი მითითებულ რეკომენდაციაში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ საპატრულო პოლიციის დადგენილებების გაუქმებით იქნებოდა შესაძლებელი მოქალაქე გ.გ.–ს დარღვეული უფლებების აღდგენა, რაც სამწუხაროდ არ იქნა გაზიარებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა პოლონური შპროტის შემოტანა აკრძალა
შემდეგი სტატიაუკრაინის უშიშროება იანუკოვიჩის შვილს ქვეყნიდან თანხის გატანაში ადანაშაულებს