საშუალო და ქვედა რგოლის მოხელეებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი არა აქვთ, შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ.
ამის შესახებ მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის – სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ ვმსჯელობთ და გავაგრძელებთ მსჯელობას, რომ საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას, მაგრამ არა აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა. მთავარ აქცენტს, ალბათ, გამოძიება გააკეთებს დანაშაულის ინიციატორსა და ორგანიზატორზე. როგორც მოგახსენეთ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს მიადგათ ფიზიკური და მატერიალური ზიანი – ეს არის ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, ცემა-წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა. შესწავლილი იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩადენილი დანაშაულებები, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაული”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.
გარდა ამისა, პრემიერის ინფორმაციით, ახალ დეპარტამენტში დაინიშნებიან დაზარალებულთა კოორდინატორები, რომლებიც დაზარალებულ პირებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებში გაუწევენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი სტრუქტურა თავს გაართმევს ამ ურთულეს ამოცანას და რამდენადაც შესაძლებელია მოკლე ვადაში კვალიფიციურად გამოიძიებს და პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რომლებიც როგორც კონკრეტულ დაზარალებულ პირებს, ისე მთელ საზოგადოებას აღელვებს.
“მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ დეპარტამენტს, მთლიანად პროკურატურას, მის ხელმძღვანელობას, თქვენ ძალიან ეფექტურ საქმიანობას ეწევით. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს კარგად აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც გეკისრებათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მჯერა, რომ ჩვენ ამით კიდევ ერთ ნაბიჯს ვდაგმთ სამართლებრივი სახელმწიფოსკენ, რომელშიც მოქალაქეებს ექნებათ განცდა და გარანტია იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო იცავს მათ უფლებებს, ღირსებას, საკუთრებას და უსაფრთხოებას”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ვინც გაუძლებს ამ გამოწვევებს, რაც ჩვენს წინაშე დგას, დარჩება, ვინც არა და, წავა”
შემდეგი სტატია„არ მოვკვდები, ვიდრე კრემლის სისხლიან კედლებს ერთად არ დავანგრევთ“