საშიშია თუ არა ვაკის სასაფლაოდან გავრცელებული გვამური შხამები

საშიშია თუ არა ვაკის სასაფლაოდან გავრცელებული გვამური შხამები

საშიშია თუ არა ვაკის სასაფლაოდან გავრცელებული გვამური შხამებიდამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი 13 ივნისის სტიქიისას წალეკილი ვაკის სასაფლაოდან ამოსულ უარყოფით ენერგიასა და მომწამვლელ ნივთიერებებზე საუბრობს. რა არის ე.წ. გვამური შხამი, რომელიც წყალმა, საფლავებთან ერთად, სხვადასხვა ტერიტორიაზე მიმოფანტა და ჩარეცხა.გთავაზობთ ფრაგმეტნს მაია ნიკოლეიშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ “ქართულ სიტყვაში” გამოქვეყნდა.

 
– მიცვალებულების დამარხვა იმიტომ დაიწყეს, რომ ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ქოლერა, მალარია და ასე შემდეგ, არ გავრცელებულიყო. ადრე არ თვლიდნენ, რომ გვამს რაიმე შხამი და მომწამვლელი ნივთიერება ჰქონდა. ძველი ეგვიპტელები ფარაონებს ბალზამირებას უკეთებდნენ და ეს ზუსტად სულის უკვდავების რიტუალი გახლდათ. მაშინ მიიჩნევდნენ, რომ თუ სხეული კარგად იყო შენახული, სული არ დატოვებდა. აბორიგენების ტომები კი, მიცვალებულებს ჭამდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამით გარდაცვლილებს პატივს სცემდნენ. ევროპულ, ანუ შედარებით ცივილიზებულ საზოგადოებაში არსებობდა მოსაზრება, რომ გვამს ჰქონდა შხამი – კადავერინი. სინამდვილეში, კადავერინი, როგორც რაღაც საშინელება, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ჩვეულებრივი, ცხოველური ცილების ლპობის პროდუქტი – პტომაინები. ეს ორგანული შხამი, იგივე ბიოგენური ამინებია, რომელიც ორგანიზმში ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად, ნამდვილად ტოქსიკური ხდება, თუმცა თუ სისხლში არ მოხვდა, სახიფათო არაა. ძალიან ტოქსიკურია პუტრესცინიც, კადავერინი, ასევე, ნეირინი – შედარებით ნაკლებად. ეს სამივე ნივთიერება ნებისმიერი ცილოვანი ორგანიზმის, თუნდაც თევზის ლპობის შედეგადაც წარმოიქმნება და მთავარია, სისხლში არ მოხვდეს… ამიტომ ვაქცევთ პროდუქტის შენახვის ვადას დიდ ყურადღებას. ერთი პათანატომიც კი, რომელსაც შეხება მიცვალებულებთან აქვს, „გვამური შხამით“ ჯერ არ გარდაცვლილა.

სიცოცხლე ხომ ცილოვან სხეულში არსებობის წესია…

– “გვამური შხამი” ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სად მიდის – ორთქლდება, რამეს ერევა, საფლავში გროვდება თუ..?

– არსად მიდის, იქ არის.

– თუ ასეა, წყალი, საფლავები რომ წალეკა, „გვამურ შხამსაც“ სხვადასხვა ტერიტორიაზე გადაიტანდა…

– ცხოველების დაკრძალვის შემდეგაც იგივე პროცესები მიდის. ამიტომ, ცხოველებს, როგორც ვიცი, სპეციალურად გამოყოფილ ბეტონისძირიან ორმოებში მარხავენ, რომ ბიოლოგიური ნარჩენები სხვაგან არ გავრცელდეს. ასე რომ, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ საფლავების ჩარეცხვა „გვამური შხამების“ გავრცელებას, ალბათ, გამოიწვევდა. რაც მოხდა, ნეგატიური და ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ჩვენს კულტს და ტრადიციას ვერ მოუარეს – საფლავებს ადგილი ვერ შეურჩიეს და ჩაირეცხა… სანეპიდსადგურს ეცოდინება, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს. რომ გითხრათ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის კატასტროფული შედეგი ექნება-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ… ჩემთვის პრობლემის ის მხარე უფრო მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლებოდა, იქ სასაფლაო ყოფილიყო…

ბექა ღიბრაძე,”ქართული სიტყვა”
banner
წინა სტატიაშიმექსიკაში ქალაქის მერმა ნიანგზე იქორწინა (VIDEO)
შემდეგი სტატიასააკაშვილმა ანტიკორუფციული კომიტეტი გაყარა (VIDEO)