“საქმეზე აღარ არსებობდა რელევანტური საფუძვლები ბრალდებულთა პატიმრობაში დატოვებისათვის”

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ბრალდებულთა სასამართლო დარბაზიდან, პირადი თავდებობის საფუძველზე გათავისუფლების მოტივს განმარტავს.

სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულებს გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას, გიზო ღლონტსა და ნუგზარ კაიშაურს საქართველოს პარლამენტის ხუთი წევრი: ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, შალვა შავგულიძე და ირაკლი ჩიქოვანი პირად თავდებად დაუდგნენ.

“შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობის, გირაოთი – თითოეულისათვის 10-10 ათასი ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე. დღევანდელ სხდომაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლებიც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან სასამართლოს შეხედულებისამებრ, პირადი თავდებობის გამოყენებას ითხოვდნენ. სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით და მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აღარ არსებობდა რელევანტური საფუძვლებიმ ბრალდებულთა განგრძობად პატიმრობაში დატოვებისათვის. აღკვეთის ღონისძიების მიზნებისა და ბრალდებულთა სათანადო ქცევის უზრუნველყოფა შესაძლებელია პირადი თავდებობის გამოყენებით”,- აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სხდომა 2015 წლის 26 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმტკვარმა ზოლებიანი აფთარი გამორიყა ?!
შემდეგი სტატიადღის განმავლობაში მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ 112-ში 47 შეტყობინება შევიდა