საქართველოში პოლიტიკური კიზისია–ნინო ბურჯანაძე

10959810_10153123032952495_4459797923853533559_nნინო ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება იმ მთავარი დაპირების შესრულებაში, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია და რა დაპირებასაც მოსახლეობას თამამად აძლევდა, უსუსური აღმოჩნდა.
ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებამ რეალურად ვერ შეძლო იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებიც რეჟიმს უკანონო ქმედებებში ემსახურებოდნენ.
“მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, რომ არ მაქვს საუბარი ყველა იმ ადამიანზე, ვინც შეიძლება “ნაციონალურ მოძრაობასთან” იყო დაკავშირებული, მაგრამ დანაშაული არ ჩაუდენია და დანაშაულებრივი ბრძანება არ შეუსრულებია. ამ ადამიანებზე მე არ ვსაუბრობ, მაგრამ ის ადამიანები, ვინც კონკრეტულ დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი და ყველამ იცოდა, რომ ისინი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ატერორებდნენ, უკანონო ბრძანებებს ასრულებდნენ, უკანონო ოპერაციებს ატარებდნენ, რა თქმა უნდა, მათ მიმართ, პირველივე დღეებიდანვე დაწყებული უნდა ყოფილიყო სამართლებლივი პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილიდან დაწყებული უნდა დამდგარიყო პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. უსამართლობაა პაიკებს მოსთხოვო პასუხი და არ მოსთხოვო პასუხი იმ ადამიანებს, ვინც ეს სისტემა შექმნა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

” ხელისუფლება აბსოლუტურად უუნარო და არაკომპეტენტურია იმის გამო, რომ უბრალოდ არაფრის გამბედაობა არ ყოფნის და საკუთარი ჩრდილის ეშინია”

“ამ ადამიანებს იმდენად ეშინიათ თანამდებობის და დღევანდელი მდგომარეობის დაკარგვის და იმდენად არიან დამოკიდებული იმაზე, თუ რას ეტყვიან მათი პარტნიორები, რომ მათ უბრალოდ დაივიწყეს ის პირობა, რომელიც მოსახლეობას მისცეს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა აღნიშნა, პრეზიდენტი და მმართველი გუნდი სერიოზულ კრიზისშია. მისი თქმით, რეალური სურათი ისაა, რომ პრემიერ-მინიტრს, რომელიც ქვეყნის პირველი პირია, სერიოზულ უწყებებში და პარლამენტშიც კი ძალიან ნაკლები გავლენები აქვს და გადაწყვეტილების მიღება, ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
“ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც თან ამბობს, რომ წავიდა ხელისუფლებიდან, თან რეალურად ყველამ ვიცით, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები მასთან თანხმდება. ეს ელემენტარული პოლიტიკური კრიზისია. ქვეყნის პარლამენტში 40%-ით წარმოდგენილია ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მოსახლეობის რაღაც რაოდენობა, სამწუხაროდ, ნამდვილად უჭერს მხარს, მაგრამ, არაუმეტეს 15-20%-ისა. პარლამენტში ასევე წარმოდგენილია ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მოსახლეობის 3%-იც კი არ მისცემდა ხმას”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის მთავრობაში დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის შედეგია – ზურაბ აბაშიძე
შემდეგი სტატიასაზოგადოება ელის მესამე ძალას და ეს “თავისუფალი დემოკატები” იქნება–ირაკლი ალასანია