საქართველოში მხოლოდ ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებით მომსახურება იქნება დასაშვები

საქართველოში მხოლოდ ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებით მომსახურება იქნება დასაშვები. იურიდიულ პირს, როგორც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს, ფულადი გზავნილის მიღება და გაგზავნა ეკრძალება.
შესაბამისი ახალი ნორმა “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” კანონს ემატება. პროექტის ავტორი საქართველოს ეროვნული ბანკია, ინიციატორი – მთავრობა. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის თანახმად, იცვლება ფულადი გზავნილის დეფინიცია.
“არსებული პრაქტიკით, ხშირია უცხო ქვეყნიდან განხორციელებული გზავნილები, როდესაც გზავნილის გამოგზავნა იურიდიული პირის მიერ ხდება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული განმარტების მიხედვით, ფულადი გზავნილი არის საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელი და მიმღები შეიძლება მხოლოდ ფიზიკური პირი იყოს, ვერ ხერხდება მათთვის ფულადი გზავნილის სტატუსის მინიჭება და მისი ერთიან სტატისტიკაში ასახვა. აღნიშნული ცვლილება საშუალებას იძლევა ასეთი ტიპის გზავნილი ფულადი გზავნილის განმარტების ქვეშ მოექცეს და ერთიან სტატისტიკაში ასახვას დაექვემდებაროს. პარალელურად კონკრეტდება, რომ საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური პირების მომსახურება ფულადი გზავნილებით. იურიდიულ პირს, როგორც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს, ეკრძალება ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა”, – ნათქვამია პროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, პროექტით კანონს ახალი მუხლი ემატება, რომელშიც საგადახდო სისტემაზე წვდომის კრიტერიუმი გაიწერა – კერძოდ, სისტემის ოპერატორი არ არის უფლებამოსილი სისტემის მონაწილეებს ისეთი მოთხოვნები დაუდგინოს, რაც მათ არათანაბარ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენებს.

banner
წინა სტატიაში“ეს ბრალდება საფუძველს აბსოლუტურად მოკლებულია,” – გიორგი ქადაგიძე ეკონომიკის მინისტრის ბრალდებაზე
შემდეგი სტატიაუკრაინას კონფლიქტის ზონიდან ტექნიკა გაჰყავს