საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი ვიდეომიმართვას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში შეერთებული შტატების ახალი ელჩის, იან კელის ვიდეომიმართვას ავრცელებს.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ვიდეომიმართვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების ბიუროში მომზადდა.
“ჩემთვის პატივია, საქართველოში შეერთებული შტატების ახალ ელჩად ვიმსახურო. თბილისს პირველად 1976 წელს ვესტუმრე, მაშინ კოლეჯის სტუდენტი ვიყავი. შთამბეჭდავი იყო ქალაქის ენერგია და სილამაზე. მოუთმენლად ველოდები, გამოვიყენო დიპლომატიაში დაგროვილი 30-წლიანი გამოცდილება და დავეხმარო საქართველოს, რათა სრულად განახორციელოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, რათა ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული ევროპული სახელმწიფო გახდეს. ნატო-სა და ეუთო-ში ჩემი მუშაობის შემდეგ, განსაკუთრებული პატივისცემით ვუყურებ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილს. როგორც აშშ-ის ელჩი ეუთო-ში და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე 2013 წელს, კარგად ჩავწვდი რეგიონულ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. აგრეთვე მოწადინებული ვარ, ხელი შევუწყო საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით ევროპასა და აზიას შორის აბრეშუმის სავაჭრო გზის გამოცოცხლებას. მე დიდებულ ქალაქ ჩიკაგოდან ვარ. ჩემს მეუღლე ფრანჩესკას, ჩვენ შვილებსა და მე, რა თქმა უნდა, მოგვენატრება ჩიკაგოს ლეგენდარული, ღრმა თეფშში გამომცხვარი პიცა და ჩვენი საყვარელი ბეისბოლის გუნდი “ჩიკაგო ქაბსი”, მაგრამ სიამოვნებით მივირთმევთ ქართულ ხაჭაპურს და ვუყურებთ საქართველოს საფეხბურთო გუნდის თამაშს. რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით, ახლოს გავიცნოთ ქართული ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა და მომაჯადოებელი უძველესი კულტურა”, – აცხადებს იან კელი თავის ვიდეომიმართვაში.
იან კელი საქართველოს ორიოდე დღეში ეწვევა. მან აშშ-ის ახალი ელჩის რანგში 11 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ფიცი დადო. ცერემონიას იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერი უძღვებოდა.
იან კელიმ მთელი კარიერა დიპლომატიურ სამსახურში გაატარა. მისი რანგია მინისტრ-მრჩეველი. 2013 წლიდან ბოლო დრომდე ელჩი კელი დიპლომატის სტატუსით ჩიკაგოში, ილინოისის უნივერსიტეტში მუშაობდა. 2010-13 წლებში ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩი იყო; 2009-10 წლებში – სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს სპიკერი; 2007-09 წლებში – ევროპისა და ევრაზიის ბიუროს რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი, ხოლო 2004-07 წლებში – ნატოში აშშ-ის მისიის საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერი. 2000-04 წლებში ელჩი კელი იტალიაში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი/პრეს-ატაშე იყო, ხოლო 1997-2000 წლებში – თურქეთში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი/პრეს-ატაშე. 1994-96 წლებში ის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დახმარების კოორდინაციის ოფისში პროგრამის ხელმძღვანელად მუშაობდა. უფრო ადრე ელჩ კელის ავსტრიაში, სერბეთში, ყოფილ საბჭოეთსა და იტალიაში აშშ-ის საელჩოებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. 1985 წელს, დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე, ის ყოფილ საბჭოთა კავშირში, აგრეთვე ნიუ იორკის ბერნარდისა და კოლუმბიის კოლეჯებში რუსულ ენას ასწავლიდა. ელჩ კელის მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი წმინდა ოლაფის კოლეჯში, მაგისტრის ხარისხი – ნიუვესტერნის უნივერსიტეტში, ხოლო სადოქტორო ხარისხი – კოლუმბიის უნივერსიტეტში.

banner
წინა სტატიაშიკახეთში გიორგი ღვინიაშვილს სახეში გაარტყეს
შემდეგი სტატიათბილისის “დინამოს” პრეზიდენტის რომან ფიფიას ფრესკა სამების ლავრაში