საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 43 მზვერავი შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ოთხ ათეულზე მეტი მზვერავი შეემატა. როგორც “თაიმერს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 18-კვირიანი სასწავლო კურსი წარმატებით 43-მა სამხედრომ დაამთავრა. მზვერავების მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი კახეთში, სოფელ მანავის რეინჯერთა სკოლაში გაიმართა.
სამინისტროს განცხადებით, კურსდამთავრებულებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიმართა. პოლკოვნიკის განცხადებით, მზვერავების მომზადების კურსი საკმაოდ რთული კურსია და მისი წარმატებით დასრულება სამხედროებისთვის საამაყოა.
“მზვერავის პროფესია არის ძალიან რთული და ამავე დროს, ძალიან საამაყო. ეს კურსდამთავრებულები ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჯარისკაცები კურსის დასრულების შემდეგ თავიანთ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და ასევე წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას”, _ განაცხადა რომან ჯოხაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, მზვერავების მომზადების კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. კურსანტებმა ტოპოგრაფიული, საინჟინრო, სამთო, კავშირგაბმულობა, აერომობილური, საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება გაიარეს.
რეინჯერთა სკოლაში გამართული ცერემონიალი წარმატებული კურსდამთვარებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.

banner
წინა სტატიაში“რადიო თავისუფლება” – საქართველო მოუწოდებს ნატო-ს, გაწევრიანების შესახებ არსებითი გადაწყვეტილება მიიღოს
შემდეგი სტატიასაქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მოლაპარაკებებს უმასპინძლებს