საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, შეიარაღებული ძალების საფრენი აპარატების სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.

გენშტაბის სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული ძალები აგრძელებს სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას და ბოლომდე დარჩება იმ ყველა კრიტიკულ ობიექტზე, სადაც პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის საჭიროება იქნება.

„ამ ეტაპისთვის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობა უკვე მიიღო 2500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და 90-მდე სპეციალურმა ტექნიკამ. მიგვაჩნია, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რომელიც შეიარაღებული ძალების საფრენი აპარატების სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას შეეხება: სამაშველო ოპერაციების საწყის ეტაპზე, 13 ივნისის ღამით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები მოქმედებდნენ ერთადერთი მიზნით – დამატებითი მსხვერპლის თავიდან აცილება და საერთო სამაშველო ოპერაციის დაუბრკოლებელი პირობების შექმნა. თბილისი, თავისი ისტორიული ურბანული განვითარების კუთხით, საკმაოდ რთული სტრუქტურისაა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული გაფრთხილების სისტემა არ გააჩნია, რამაც ვერტმფრენის ქალაქის პირობებში უსაფრთხო ფრენა უნდა უზრუნველყოს (შუქურები მაღალი შენობების სახურავებზე, საიდენტიფიკაციო ნიშნები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებსა და სხვა საჰაერო საკომუნიკაციო არხებზე – ბუნებრივი აირისა და წყლის მილები). ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროგადამცემი ხაზები ქალაქში დამონტაჟებულია უსისტემოდ, რაც ქმნის სხვასდასხვა ტიპის კაბელებისა და ხაზების „ბადეებს“. ამასთან ერთად, შეიარაღებული ძალების საფრენოსნო პარკში არსებული ვერტმფრენების როტორის რადიუსი და უსაფრთხოების წესები მოითხოვს დაბრკოლებებისაგან თავისუფალ ზონას, არანაკლებ 25 მეტრის რადიუსით. შესაბამისად, სტიქიის ეპიცენტრში, სვანიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობი, ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი და მაღალი ხეები არამარტო ხელს უშლის ვერტმფრენიდან სამაშველო სამუშაოების განხორციელებას ღამით და დიდი ნალექის პირობებში, არამედ შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის ოპერირებას დაბალ სიმაღლეზე, დღისა და თუნდაც, ხელშემწყობ მეტეოპირობებშიც კი. რაც შეეხება ზოოპარკისა და მზიურის რაიონებს, აქ მთავარ შემაფერხებელ გარემოებებს ელექტროგადამცემ ხაზებთან, დაბალ ხილვადობასთან და ძლიერ წვიმასთან ერთად, ხშირი და მაღალი ხეები წარმოადგენდნენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირობებში ვერტმფრენის გამოყენება გამოიწვევდა ეკიპაჟისა და საფრენი აპარატის დანაკარგს, რასაც თავის მხრივ, დიდი ალბათობით მოყვებოდა დამატებითი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და რაიონში მოქმედ მაშველებს შორის. ამდენად, სწორად შეფასდა რისკები და საფრთხეები. მეორე დღეს, შეიარაღებული ძალების ვერტმფრენებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მოთხოვნისთანავე, ოპერატიულად დაიწყეს სტიქიით დაზარალებული რაიონებისა და საფრთხის შემცველი კერების დაზვერვისა და გამოვლენისთვის საჭირო ფრენების აქტიური შესრულება. შეიარაღებული ძალები რჩება ყველა რთულ ობიექტზე და აგრძელებს ბუნებრივი კატასტროფის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციაში მონაწილეობას“, – ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ოჯახური მდგომარეობის” გამო გაცდენა დეპუტატებს აღარ ეპატიებათ
შემდეგი სტატიაჯაბა სამუშია – სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის პირველ ეტაპზე 14 მილიონი ლარი გამოიყოფა