საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

სოლიდარობის გლობალური კამპანიის “მე ვარ შარლი” ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და მოსახლეობის ნაწილი თბილისში , საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან ყვავილებით შეიკრიბა.
სოლიდარობის კამპანიის მონაწილეებმა მწუხარება გამოთქვეს 7 იანვარს სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად მოკლული 12 ადამიანის გამო. აქციაზე მისულებმა დაგმეს თავისუფლების დათრგუნვისკენ მიმართული ძალადობა და ხსოვნის ნიშნად საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან სანთლები აანთეს.
სოლიდარობის კამპანიის მონაწილეებს საქართველოში საფრანგეთის ელჩიც შეუერთდა. მან აქციის მონაწილეებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას იმ თანადგომისთვის, რაც მათ გამოხატეს საფრანგეთის მხარდასაჭერად. იცით, რომ დღეს საფრანგეთში ეროვნული გლოვის დღეა. ეს ძალიან მძიმეა ჩვენთვის და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ვხედავ ქართველები საფრანგეთის მეგობრები ხართ. საფრანგეთი დიდი ხნის დემოკრატიის ქვეყანაა და ის ყოველთვის ახერხებდა მსგავსი დაპირისპირებების წინააღმდეგ ღირსეული პასუხი გაეცა. მინდა ვთქვა, რომ საფრანგეთი და დემოკრატია ყოველთვის გაიმარჯვებს იმ თანადგომის წყალობით, რომელიც თქვენ გამოხატეთ”, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა. მან სოლიდარობის აქციაზე მისულებს ქართულადაც მიმართა – “თავისუფლებას გაუმარჯოს”.
სოლიდარობის კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა თინა ხიდაშელმა და თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაში“გულფროის” ბორტზე მყოფი ოთხი ქართველი ევაკუირებულია
შემდეგი სტატიალატვიელი ტურისტების გადარჩენის ოპერაცია წარმატებით განხორციელდა