საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში იმყოფება

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს, სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელთან საბინ ფიშერთან და ამავე ცენტრის წევრებთან.
შეხვედრაზე საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება, საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და საქართველოსა და ბუნდესტაგს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.
მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ორი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის აღიარების აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი საკითხების მოგვარება და კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე უნდა მოხდეს. აგრეთვე, განიხილეს რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები და ბოლო ხანს საქართველოში განვითარებული მოვლენები. საუბარი აგრეთვე შეეხო რეგიონული პოლიტიკის, დემოკრატიზაციისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბუნდესტაგის წევრს კრისტოფ ბერგნერს შეხვდა, სადაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ რიგის სამიტზე საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები სათანადოდ იქნება შეფასებული და დადებითად აისახება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე.
ასევე შეხვედრები გაიმართა კონრად ადენაუერის ფონდის ევროპისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან ფრანკ ფრისთან და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან ნორბერტ ლამერთან, ბუნდესტაგის წევრებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები გიორგი ვოლსკი, გიორგი წერეთელი და საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი დავით ონოფრიშვილი შედიან.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი კონრად ადენაუერის ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა, რომელიც 21 მაისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის მერი ხუთი ახალი მრჩევლის დანიშვნას ითხოვს
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური – 26 მაისს აღლუმი არ ყოფილა არც შარშან, არც შარშანწინ და არ იქნება არც მომავალ წელს